თავდაცვის მინისტრი

ალასანია: რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა, სამხედრო ესკალაციის საფრთხეს ზრდის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს რუსეთთან პრაგმატური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს, მასთან დიალოგზე უარის თქმამ კი შეიძლება სამხედრო ესკალაციის საფრთხე გაზარდოს. ალასანიას თქმით, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა გულისხმობს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და სამხედრო რიტორიკის შერბილებას. აღნიშნული განცხადება ალასანიამ BBC-ისთან ინტერვიუში გააკეთა.

 "მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ და ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება რუსეთში, როგორ ვითარდება ქვეყანა, მაგრამ, ჩემი აზრით, პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ჩვენ, ახალი მთავრობა, რომელიც სქართველოში სამართლიანი არჩევნებით მოვიდა, ვფიქრობთ, რომ მეტად პრაგმატული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ რუსეთთან. ჩემი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ გამალებით ვმუშაობთ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და გახდეს NATO-ს წევრი, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძალღონეს არ იშურებს, რათა რუსეთთან ღირებული ურთიერთობა დაამყაროს. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზე, რადგან გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს რუსეთში განვითარების საშუალება ჰქონდეს. მას შემდეგ, რაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი ბიზნესისთვის კარგი იქნება რუსეთში განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის ძალიან რთული ურთიერთობაა და რუსეთში არღვევენ ადამიანის უფლებებს. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლსაც რუსეთი თავს დაესხა, მისი სუვერენული ნაწილი აქვს ოკუპირებული და ეს ძალიან სენსიტიური საკითხია", - განაცხადა ალასანიამ.

ასალანიას განმარტებით, პრამგმატულობა გულისხმობს, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველომ დაანახოს, რომ მათთან ურთიერთობაში ხელახლა სურს წარმოაჩინოს თავისი თავი და აჩვენოს, რომ "ევროპულ დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთად უკეთ ვიქნებით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ".

 "რუსეთთან უფრო პრაგმატული ურთიერთობა ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და სამხედრო რიტორიკის შემცირებას, რაც წინა ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ არ მივცემთ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების არავითარ საბაბს. ეს არის პრაგმატული პოზიცია. ამ ახალ მიდგომას დრო გამოცდის. მაგრამ ვფიქრობ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. რადგან თუ არ ესაუბრები მათ, ზრდი ესკალაციის საფრთხეს რუსეთის ფედერაციის არმიასთან. როგორც თავდაცვის მინისტრს, არ მინდა, რომ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის საშიშროება არსებობდეს", - განაცხადა ალასანიამ. თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს და რუსეთს ისტორიულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ეს სიყვარულისა და სიძულვილის ურთიერთობა იყო.

 ალასანიამ ასევე მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ და განაცხადა, რომ ეს ერთადერთი შემაჩერებელი ფაქტორია, თუმცა მწუხარება გამოთქვა, რომ მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ.

 მინისტრმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საგარეო კურსი კვლავ NATO-ში ინტეგრაციისკენ არის მიმართული და რომ ეს რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობას ხელს არ უშლის.

 

 

კომენტარები