ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დავით ბაქრაძე: გრძელდება პირდაპირი ზეწოლა საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სტრასბურგიდან ნაციონალური მოძრაობის ორი დეპუტატის - ტარიელ ლონდარიძისა და კახა ბუცხრიკიძის -დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დაშინება-დაპატიმრების და პროკურატურაში დაბარების გზით ცდილობას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვებას. 
„გრძელდება პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე. კერძოდ, დაკითხვაზე დაბარებულია კიდევ ორი დეპუტატი - ლონდარიძე და ბუცხრიკიძე. ახლოვდება საკონსტიტუციო ცვლილებები და, როგორც ჩანს, პირდაპირი ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, მათი დაშინება-დაპატიმრება, პროკურატურაში დაბარება გახლავთ ის გზა, რომლითაც უმრავლესობა აპირებს მოაგროვოს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობა“, - განაცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ბაქრაძემ სამართალდამცავ უწყებებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ დაკითხვაზე დეპუტატის დაბარების წესი დაიცვან. 
„ნუ დაარღვევენ კანონს. არცერთი დეპუტატი არ გაურბის კითხვაზე პასუხს, მაგრამ დაცული უნდა იყოს კანონი და ამ ყველაფერმა არ უნდა მიიღოს პოლიტიკური დაშინების სახე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები