შრომის კოდექსი

თეა წულუკიანი: დამსაქმებელმა არ უნდა იფიქროს, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული

 ''დამსაქმებელმა არ უნდა იფიქროს, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული'', - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა, ''როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან''.

"რეალურად, დღეს საქართველოს არ აქვს ტექსტი, რომელიც იმსახურებს შრომის კოდექსის სახელწოდებას, ამიტომაც გვქონდა შეხვედრები პროფკავშირებთან, დამსაქმებლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შევიმუშავეთ ახალი პროექტი. მთავარი აქ არის ერთი რამ - არცერთ დამსაქმებელს მომავალში არ შეეძლება, დასაბუთების გარეშე, ერთი ხელის მოსმით, დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს. ასევე, შრომითი ურთიერთობის ზეპირი ფორმები შეიძენენ წერილობით და უფრო დეტალურ ხასიათს. დროებით დასაქმებულთა ინტერესები იქნება მაღალი ხარისხით დაცული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შრომის კანონმდებლობის რეფორმირება იუსტიციის სამინისტროს ახალი მთავრობის პირველივე სხდომაზე დაევალა და მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

კომენტარები