შს მინისტრი

ღარიბაშვილი: ბარბარე რაფალიანცის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს შეხვდა. ღარიბაშვილმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საქმეში გამოძებამ ახალ გარემოებებს მიაკვლია.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ამ ინციდენტზე არ მომხდარა სწრაფი რეაგირება და საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება ცხელ კვალზე, რის გამოც გამოძიება იმ ეტაპისთვის ჩიხში შევიდა. ახლა გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთა კიდეც სერიოზული და ახალი გარემოებები, თუმცა ჯერ კიდევ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადება, რომ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები საზოგადოებისთვის ცნობილი სამ კვირაში გახდებოდა, ნაჩქარევი იყო. 

"მე ვთქვი, რომ 3 კვირაში მექნებოდა რეალური სურათი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ალბათ ნაჩქარევი იყო ეს განცხადება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის სექტემბერში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

შს მინისტრმა მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა.

"სამწუხაროდ, რეფორმა, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2004 წელს დაიწყო, არ იყო ბოლომდე მიყვანილი და დასრულებული. ჩემი დავალებით, რეფორმებისა და განვითარების ახლადშექმნილმა სააგენტომ შეიმუშავა 2013 წლის განვითარების სტარატეგია, რომელიც მოიცავს მთელ რიგ რეფორმებს სამინისტროსთვის. ეთიკის კოდექსის შემუშავება და პრეზენტაციაც იმის დადასტურებაა, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ესაა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენი გუნდის სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები