შობა

საშობაო პრეზეპე

ერთ ცნობილ გამონათქვამს თუ დავუჯერებთ, ნეაპოლი ის ქალაქია, რომელიც სიკვდილამდე აუცილებლად უნდა ნახო. და თუკი ამ ვიზიტს დეკემბრის თვეს დაამთხვევთ, არაფრით გამობრუნდეთ ქალაქიდან სან გრეგორიო არმენოს, იგივე სომხეთის განმანათლებლის, წმინდა გრიგოლ მოციქულის სახელობის ქუჩის უნახავად, რადგან ზამთრის დასაწყისში აპენინების ნახევარკუნძულის ერთ-ერთი ყველაზე თეატრალური ქალაქის მთავარი სადღესასწაულო სანახაობის ეპიცენტრი სწორედ აქაა. ყოველი წლის რვა დეკემბერს, ქალაქის ისტორიული ცენტრის ვიწრო ქუჩაზე მდებარე სახელოსნოების კარები იღება და ადგილობრივ ოსტატებს დამთვალიერებლების წინაშე გამოაქვთ მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული პრეზეპეები – კერამიკასა და ხეში გაცოცხლებული, ბეთლემში უფლის შობის ოცდაერთი საუკუნის წინანდელი ამბები.

სიტყვა პრეზეპე, რომლითაც დღეს ქანდაკებაში, მხატვრობასა თუ თეატრალურ წარმოდგენებში გაცოცხლებულ საშობაო სცენებს მოიხსენიებენ, ლათინურად ბაგას ნიშნავს. მის სადღესასწაულოდ აღმართვის ტრადიციას, ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში სან ფრანჩესკომ – წმინდა ფრანცისკ ასიზელმა ჩაუყარა საფუძველი.

პილიგრიმობისას ბეთლემში, ქრისტეს დაბადების ადგილის ნახვით შეძრულმა ფრანჩესკომ (წმინდა მიწიდან დაბრუნების შემდეგ, 1223 წლის შობა დღეს), ცენტრალური იტალიის ქალაქ გრეჩოში უფლის დაბადების მოსაგონრად ტყეში სახელდახელოდ აღმართულ საკურთხეველთან ვირი და ხარი მიიყვანა და ბაგის წინაშე აღავლინა სადღესასწაულო ლოცვა. გადმოცემის მიხედვით, სალოცავად მისულებმა იხილეს, თუ როგორ ამოიყვანა ბაგიდან ჩვილი უფალი მოწყალე და ღარიბმა წმინდანმა, ხელში დაარწია და გულში ჩაიკრა.

გრეჩოში მომხდარი სასწაულის სცენა მეცამეტე საუკუნეშივე ეპოქის უდიდესმა მხატვარმა ჯოტომ უმბრიის ქალაქ ასიზიში, წმინდანის სახელობის ბაზილიკის კედელზე გამოსახა. პირველი ხეში ნაკვეთი პრეზეპე კი, რომლის ნაწილებიც დღემდეა

შემორჩენილი, აპენინელ მოქანდაკეს, არნოლფო დი კამბიოს ეკუთვნის და რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაშია დაცული. მას შემდეგ პრეზეპეების მიმართ ინტერესი არ განელებულა.

დღეს საშობაო სცენებს დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქალაქში გადააწყდებით. მას დეკემბრის თვეში აუცილებლად დგამენ ვატიკანში, კათოლიკური ეკლესიის უმთავრესი ტაძრის – სან პიეტროს მოედანზე. მთავარი კათოლიკური პრეზეპეს ფიგურები ხშირად ძალიან შთამბეჭდავია: ცვილის დიდი ზომის ქანდაკებები ცოცხალ ადამიანებს მოგაგონებთ. ფიგურები ფერადი და ოქროს ძაფებით ნაქარგ სამოსში არიან გამოწყობილი და ნიავის ოდნავ წამობერვაზეც კი უფრიალებთ მოსასხამები. სიღრმეში მოჩანან ვირი და ხარი. წინა პლანზე მდგარი ღვთისმშობელი და იოსები ბაგაში მწოლიარე ყრმა იესოს დაჰყურებენ, რომლის წინაშეც მუხლი აქვთ მოდრეკილი მწყემსებსა და მოგვებს.

პრეზეპეებს საშობაოდ არა მხოლოდ ეკლესიებსა და მოედნებზე, არამედ მორწმუნე კათოლიკეების სახლებშიც ნახავთ. ევროპელ დიდგვაროვანთა ოჯახები საუკუნეების განმავლობაში იწონებდნენ თავს მდიდრული საშობაო სცენებით. დღეს უკვე უბრალო ოჯახებშიც ცდილობენ, ისევე როგოც ნაძვის ხეებს, პრეზეპესაც ყოველწლიურად შემატონ ერთი ფიგურა მაინც და აბა, სად წააწყდები უფრო საინტერესო საშობაო პერსონაჟებს, ვიდრე ნეაპოლში, სადაც კერამიკასა და ხეში გაცოცხლებულ ნამდვილ საშობაო შედევრებს ქმნიან.

ვეზუვის კალთებზე გაშენებული კონტრასტების ქალაქი ბევრი რამითაა ცნობილი: აქ მღერიან ყველაზე კარგად ქვეყნის ყველაზე მელოდიურ სიმღერებს. ცნობილმა ხაბაზმა, რაფაელე ესპოზიტომ პირველად სწორედ ამ ქალაქში გამოაცხო პიცა მარგერიტა, ნეპოლში მიირთმევენ ნახევარკუნძულზე ყველაზე გემრიელ ყავასა და დესერტ ბაბას, აქ ცხოვრობს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი კრიმინალი და, ამავდროულად, ღრმადმორწმუნე კათოლიკე ქრისტიანი. ნეაპოლში წმინდანები განსაკუთრებით უყვართ, ამიტომ, იტალიელებს თუ დავუჯერებთ, ქალაქის მცხოვრებლებს მათთან იმდენად ახლობლური და უშუალო დამოკიდებულება აქვთ, რომ სახლებში დაბრძანებულ ხატებსა და ქანდაკებებს ოჯახის წევრებივით ეპყრობიან: ხან ესიყვარულებიან და ლარნაკებში ყვავილებს უწყობენ, ხანაც საკუთარ ბედზე განაწყენებულებს, გული მოსდით და მათთან ჩხუბსაც არ ერიდებიან.

სიწმინდეებთან ფამილარული დამოკიდებულების წყალობით, ნეაპოლური პრეზეპეები ყველაზე მდიდრულია: აქ

არამხოლოდ მოგვები და მწყემსები ეთაყვანებიან ყრმა იესოს, უფლის გარშემო ტრიალებენ თავწაკრული დიასახლისები, იქვე ირევიან მკლავებდაკაპიწებული ვაჭრები, გლეხები, ხელოსნები... ზოგი ბაროკოს ეპოქისთვის დამახასიათებელ ტანისამოსშია გამოწყობილი, ზოგი ფიგურა სულაც მეზობელი ქუჩის მცხოვრებს, ან ქალაქის პორტის თანამშრომელს მოგაგონებთ...

წმინდა ფრანცისკ ასიზელის ცხოვრებას თუ დავუჯერებთ, იმ ღამეს, როდესაც წმინდანმა გრეჩოს ტყეში პრეზეპე აღმართა, საშობაო ლოცვაზე მისულმა ადამიანებმა მადლი და კურნება მიიღეს სასწაულებრივი ხილვისგან. ამიტომ, მორწმუნე კათოლიკურ ოჯახებში, დიდებსაც და პატარებსაც სჯერათ, რომ 25 დეკემბრის ღამეს, საშობაოდ აციმციმებულ ნაძვის ხესთან მდგარ პრეზეპესთან თუ სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება. მით უმეტეს, თუ მის წინაშე ყველაზე დიდებულ და მისტიკურ შობის ამბავს ლექსებად გაიხსენებ:

„თოვს!

აი, გომურიც!

გექნებათ ორი ადგილი!?

ცივა!

შევჩერდით,

როგორ თოვს,

თოვლია რამხელა!

ცოტას თუ გაგვათბობს

ეს ხარი და ვირუკა,

მარიამს უკვე ეცვლება ფერი,

მოუვლის ღვთიური ტკივილი.

ზარებმა ძალუმად ჩამოჰკრა

და წმინდა ღამეც ჩამოდგა.

 

 

 

კომენტარები