პატრიარქი

პატრიარქი: იქონიეთ ერთსულოვნება, გახსოვდეთ, რომ თქვენ უკან ჩვენი სამშობლოა

ახალი წლის დადგომა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ სულიერ შვილებს, განსაკურებით კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ხალხს, ტელევიზიით მიულოცა. "იქონიეთ ერთსულოვნება. გახსოვდეთ, რომ თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ხალხია. გაჭირვებულ ხალხს დაეხმარეთ", - მიმართა პატრიარქმა საქართველოს ხელისუფლებას. 

 "საყვარელო სულიერო შვილებო, ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. მთავარია, რომ ჩვენი ცვლილება იყოს სიკეთისკენ. გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში. განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს მკვიდრებს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. უცხოეთში მცხოვრები ქართველები ღმერთმა მალე დააბრუნოს სამშობლოში. მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ შობა-ახალ წელს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ხალხს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბედნიერება მხოლოდ ჩვენს ერთობაშია. ერთად უნდა ვიყოთ და ვიქნებით ბედნიერი. "ბედნიერება - ეს არის უპირველეს ყოვლისა რწმენა და სიყვარული ღვთისა. სიყვარული მამულისა, სამშობლოს სიყვარული. სამშობლო - ეს არ არის მხოლოდ მიწა და წყალი ჩვენი. ეს არის წინაპრები, ეს არის წინაპრების სისხლით მორწყული მიწა. ეს არის ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და მომავალი. არ უნდა მოვწყდეთ ფესვებს ჩვენსას." - განაცხადა მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა.

კათალიკოსმა გულმოწყალების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მხოლოდ გაცემით არის შესაძლებელი ნამდვილი ბედნიერება - "ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია თვითონ ჩვენზე. უნდა გვიყვარდეს მშობლები. ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ გავახაროთ ჩვენი მშობლები და ჩვენი ოჯახის წევრები. უნდა ვხედავდეთ ხალხის გაჭირვებას და მათ უნდა დავეხმაროთ. აი, ამაში არის ბედნიერება ადამიანის. რასაც თქვენ გააკეთებთ სხვისთვის, ის ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენ. უფალი იყოს თქვენი მფარველი", – თქვა ილია მეორემ.

მილოცვის დასასრულ, პატრიარქმა მრევლს ფეხზე ადგომისკენ მოუწოდა და დალოცა.

 

კომენტარები