საქართველო-აზერბაიჯანი

ივანიშვილი: სადემარკაციო ხაზებს ყოველგვარი დიდი სკანდალის გარეშე გავავლებთ

გუშინ, 26 დეკემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ხაზების გავლებას "ყოველგვარი დიდი საკანდალის გარეშე" მოახერხებს. 
ივანიშვილი აცხადებს, რომ  აზერბაიჯანი მზადაა, ორ ქვეყანას შორის დემარკაციის ხაზის გავლება მოხდეს.
"თქვენ იცით, რომ იქ გვაქვს ჩვენ კითხვები. ახლა ამ კითხვებსაც თუ ძალიან მკვეთრად არ გავიმეორებთ, მაგრამ დამოკიდებულება, ურთიერთობა რაც არსებობს დღეს ორ სახელმწიფოს შორის, შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ახლა ჩვენს გუნდებს შორის, ჩემი ერთი-ერთზე შეხვედრა ბატონ ალიევთან, ასევე პრემიერმინისტრთან, ყველაფერი საფუძველს გვაძლევს იმისას, რომ ჩვენ მხოლოდ შიგნით, მხოლოდ ორი მხარე, მხოლოდ მაგიდასთან, ყველაფერს, საკამათო რაც გვაქვს, გადავწყვეტთ და აუცილებლად ჩვენ მივაღწევთ შედეგებს და დავიწყებთ ალბათ ამ პროცესს. ჯგუფები იმუშავებენ ორივე მხრიდან. ჩვენ მოვახერხებთ და სადემარკაციო ხაზებს გავავლებთ ყოველგვარი დიდი სკანდალის გარეშე. კამათი ალბათ შედგება, ეს ნორმალური პროცესია, კამათი ოჯახშიც ხდება და მე ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება, რაც ორ სახელმწიფოს შორის არსებობს, ყოველგვარ საფუძველს გვაძლევს იმისას, რომ მოვახერხებთ და უნდა დავიწყოთ. ეს არის პროცესი ჩვენი მხრიდან ცოტა მივიწყებული. აუცილებელია, რომ ყველა სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი საზღვრები, კარგად ვიცოდეთ და ვერკვეოდეთ ამაში და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ეს მომავალში რაღაც გარკვეულ დროს დაგვახარჯინებს, მაგრამ მომავალში გაგვიიოლებს კიდევ უფრო ურთიერობებს”,- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები