საქართველო-აზერბაიჯანი

კალაძე: აზერბაიჯანში ვიზიტი ნაყოფიერად მიმდინარეობს

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ენერგეტიკის მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტის მიმდინარეობას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. აზერბაიჯანი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ენერგეტიკის დარგში. ვიზიტი ნაყოფიერად მიმდინარეობს და მადლობელი ვართ აზერბაიჯანის პრეზიდენტის გულითადი მასპინძლობისთვის. ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვან პერსპექტივებს გვიქადის", - წერს კალაძე.

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანს დღეს, 26 დეკემბერს ეწვია. ბაქოს აეროპორტში დელეგაციას აზერბაიჯანის ვიცეპრემიერი იაგუბ ეიუბოვი დახვდა.

როგორც პრემიერმინისტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ამის შემდეგ საქართველოს დელეგაცია საპატიო დაკრძალვათა ხეივანში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეულის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

საქართველოს დელეგაციამ პრემიერმინისტრის მეთაურობით ასევე გვირგვინებით შეამკო "შეჰიდების ხეივანში" მარადიული ცეცხლის მემორიალი.

ამის შემდეგ ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგორესურსების ექსპორტის თემას, - აღნიშნულია პრემიერმინისტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

როგორც, თავის მხრივ, შეხვედრის დაწყებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ალი გასანოვმა აღნიშნა, საუბარი შეხვედრებზე შეეხება ორმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროს. მათ შორის - თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში და ერთობლივ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში.

გასანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა “მაღალ დონეზე დარჩება“, რადგან "ორივე ქვეყანას არჩეული აქვს კურსი კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, რაც ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებს პასუხობს".

ბაქოში საქართველოდან შვიდკაციანი დელეგაცია გაემგზავრა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარდა, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე შედიან. საქართველოს მთავრობის დელეგაცია თბილისში 27 დეკემბერს დაბრუნდება.

შეგახსენებთ, ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კითხვები აქვს ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ახორციელებს. ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე ფასების "სიმბოლურად" შემცირების იმედი აქვს.

 

კომენტარები