უშიშროების საბჭო

ეროვნული უშიშროების საბჭო ივანიშვილს პასუხობს

საქართველოს პრემიერმინისტრი და მისი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს მუქარის კამპანიას, კერძოდ კი, სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ პირის თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს. ამჯერად მათი სამიზნე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებების საპასუხოდ გაავრცელა.

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გაწეული ხარჯები ეჭვებს იწვევს. მისი განცხადებით, სამ წელიწადში საბჭომ 50 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და ამ ხარჯებს გრიფი საიდუმლო ადევს. ივანიშვილის განცხადებით, „ეს ფული ლობისტებზე იხარჯებოდა“, მათ შორის, ნაღდი ფულის სახით, და მასალები ამ ხარჯების შესახებ პროკურატურას გადაეცა. „ყველაზე სასაცილო ისაა, რომ წელს 30 მილიონი უნდოდათ. მინისტრმა ჰკითხა, მაჩვენეთ, რისთვის გინდათ და მოგცემთ. საბოლოოდ 1 მილიონ 200- ზე დათანხმდნენ. 20-ჯერ ნაკლებზე და ხმას არ იღებს, გამოვიდეს და თქვას, როგორ უნდა იარსებოს უწყებამ 20-ჯერ ნაკლებით. დაასწროს ბოკერიამ პროკურატურას და თქვას, რისთვის უნდოდათ ეს ფული. მოსთხოვეთ, რომ შეგხვდეთ და განმარტოს ყველაფერი. ეს არ სვამს კითხვებს თქვენში?" - მიმართა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთი თვის წინ, 22 ნოემბერს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა ოპონენტების დევნა მათ პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირა, რასაც უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გიგა ბოკერიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები კრიტიკული აზრის მიმართ შეუწყნარებლობას და სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით გამოყენებას ცხადყოფს.

ამას თან დაერთო საერთაშორისო მედიაში უაღრესად კრიტიკული სტატიები ახალი მთავრობის საქმიანობაზე, რაც პრემიერმინისტრმა უშიშროების საბჭოს აპარატს და მის მიერ დაქირავებულ საკონსულტაციო კომპანიებს დაუკავშირა. უშიშროების საბჭოს მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, თუ რაოდენ აბსურდული და შემაშფოთებელია განცხადებები, თითქოს საკონსულტაციო კომპანიები ავტორიტეტულ საერთაშორისო მედიას აკონტროლებენ.

„თუმცა, ყველაზე მეტად თვალსაჩინო და საგანგაშო არის ის, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად, პრემიერის და მისი გუნდის მხრიდან კრიტიკისადმი გაღიზიანებას მოჰყვა ჯერ ზოგადი მუქარა, შემდეგ კი პირდაპირი მითითება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. როგორც პრემიერმინისტრის საჯარო გამოსვლებიდან და სამართალდამცავი სტრუქტურების შემდგომი ნაბიჯებიდან ჩანს, ეს პოლიტიკურ ოპონენტებთან თუ კრიტიკულ მედიასთან ახალი მთავრობის ურთიერთობის მთავარი მეთოდია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს განცხადების თანახმად, პრემიერმინისტრის განცხადება უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ ბიუჯეტიდან ნაღდი ფულის გატანასთან დაკავშირებით „სრულ სიცრუეს წარმოადგენს“.

„საბჭოს აპარატის მიერ გასული წლების განმავლობაში გაწეული და 2013 წელს დაგეგმილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს დეტალურად მიეწოდა. აღნიშნულ უწყებასთან კორესპონდენციის ქრონოლოგია ასახულია უშიშროების საბჭოს აპარატის 30 ნოემბრის განცხადებაში. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა უშიშროების საბჭოს აპარატის წერილობით შეთავაზება, 2013 წლის ბიუჯეტის განხილვის მიზნით შეხვედრის გამართვისა და მისი დეტალური განხილვის თაობაზე. აპარატის წერილში აღწერილი იყო ყველა ის პროექტი, რომლის დაფინანსებასაც 2013 წელს მიზანშეწონილად მივიჩნევდით. უშიშროების საბჭოს აპარატს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან არც წერილობითი, არც ზეპირი პასუხი არ მიუღია და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით შევიტყვეთ, რომ ახალი მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების მიზნით წარდგენილი პროექტების დაფინანსებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა“, - ნათქვამის განცხადებაში.

უშიშროების საბჭოს აპარატი აღნიშნავს, რომ გასულ წლებში, ისევე როგორც 2013 წელს უწყების მიერ მოთხოვნილი თანხები, უკავშირდებოდა „აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მთელი მსოფლიოს, მათ შორის, ლათინური ამერიკის ქვეყნების მასშტაბით, და დეოკუპაციისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, ეთნიკური წმენდის აღიარების საკითხებს, კრიზისების მართვის სისტემის რეფორმირებას, საგარეო-პოლიტიკურ ანალიზს და ამ მიზნებისთვის საკონსულტაციო მომსახურებას“.

სამწუხაროა, რომ ახალმა მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტში ეს მიმართულებები ქვეყნისათვის პრიორიტეტულად არ მიიჩნია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭო აპარატი მცდარად და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ახალი ხელისუფლების კომპეტენციას წარმოადგენს, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები