ოკუპირებული ტერიტორიები

რუსული ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხე

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს ბევრჯერ განუცხადებიათ, რომ სოხუმის და ცხინვალის რეჟიმები საქართველომ კონფლიქტის მხარეებად უნდა აღიაროს. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს ირაკლი ალასანიას, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. კიდევ უფრო ხშირად ამას აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი. თავად ბიძინა ივანიშვილმაც 2011 წლის ნოემბერში, „რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ რეჟიმების კონფლიქტის მხარეებად არაღიარება საქართველოს „სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა“.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი მთავრობა მარიონეტული რეჟიმების კონფლიქტის მხარეებად აღიარების გეგმას ცხოვრებაში გაატარებს, საქართველოს ინტერესები სერიოზულად დაზარალდება. ჩვენი პოზიციები რუსული ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად დასუსტდება. მართალია, ახალი მთავრობა კვლავ გამოიყენებს ტერმინს „ოკუპაცია“, მაგრამ საქართველოს მოსაზრებაში ამ საკითხზე ლოგიკური ბზარი გაჩნდება.

ოკუპაციის ცნება ემყარება საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების იმ პოზიციას, რომ საქართველოს მოწინააღმდეგე კონფლიქტის მხარე რუსეთია. ანუ, არსებობს საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი, რომლის ფარგლებშიც რუსეთი უკანონოდ ამყოფებს თავის ჯარს საქართველოში და ახდენს მისი ტერიტორიის 18%-ის ოკუპაციას. ამ ქმედებების გასამართლებლად რუსეთი იყენებს სოხუმის და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმებს და მათთან ხელმოწერილ „ორმხრივ ხელშეკრულებებს“. თუკი საქართველო გამოაცხადებს, რომ კონფლიქტის მხარე თურმე არის არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სოხუმის და ცხინვალის რეჟიმებიც, ვითარება არსებითად შეიცვლება.

გამოვა, რომ საქმე გვაქვს არა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტთან, რომელშიც საქართველო ცალსახად მართალია და არის დაზარალებული მხარე, არამედ ჩვენს ქვეყანაში არსებულ შიდა კონფლიქტებთან, რომლებშიც გარკვეული მიზეზების გამო გარე ძალაც ჩაერია, რუსეთის სახით. საქართველო თავისი ხელით გაამყარებს ამ ლეგენდას, რომლის შექმნა რუსეთმა 1990-იან წლებში მოახერხა და რომელსაც დღემდე იყენებს თავისი აგრესიული ქმედებების გასამართლებლად. სწორედ ამ მიზეზით, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველომ მოაწეროს ხელი თავდაუსხმელობის შეთანხმებას მარიონეტულ რეჟიმებთან, თავად კი ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს აცხადებს. რუსეთს სურს, რომ კონფლიქტის მხარეებად ჩაითვალონ მარიონეტული რეჟიმები, თვითონ კი სტაბილურობის შემომტანი შუამავლის როლი მოირგოს. არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთის ამ სურვილს დააკმაყოფილებს.

კიდევ ერთი საფრთხე არის ის, რომ კონფლიქტის მხარეებად აღიარება აამაღლებს სოხუმის და ცხინვალის რეჟიმების სტატუსს. მართალია, ეს სულაც არ ნიშნავს მარიონეტული რეჟიმების დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ გაზრდის მათ ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების თვალში. თუკი ისინი საქართველოსთვის იქნებიან მოლაპარაკების მხარეები, ასეთივე სტატუსი მათ შეიძლება მიანიჭოს ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომაც.

გასათვალისწინებელია, რომ ორივე რეჟიმი დამნაშავეა ეთნიკურ წმენდაში და დღემდე უარს ამბობს მისი შედეგების ნაწილობრივ გამოსწორებაზე, ანუ დევნილების დაბრუნებაზე. სწორედ ამ დამნაშავე რეჟიმებს აჩუქებს საქართველო გაზრდილ საერთაშორისო ლეგიტიმაციას, თუკი ახალი მთავრობა თავის წინასწარ გამოცხადებულ გეგმებს განახორციელებს. საქართველომ მაქსიმალურად უნდა განავითაროს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლეობასთან, მაგრამ მარიონეტული რეჟიმების კონფლიქტის მხარეებად აღიარება მძიმე შეცდომა იქნება.

რა გახდება საქართველოს ასეთი პოლიტიკის შედეგი? რუსული ოკუპაცია გაგრძელდება ზუსტად ისევე, როგორც დღემდე გრძელდება. საქართველოს ყველა ინიციატივა დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით უარყოფილი იქნება. საქართველოს ინტერესების თვალსაზრისით ვერანაირი პროგრესი ვერ იქნება მიღწეული. მოკლედ რომ ვთქვათ, შენარჩუნდება დღეს არსებული ვითარება, ოღონდ ორი მნიშვნელოვანი განსხვავებით: 1) საერთაშორისო დონეზე რუსეთს მოეხსნება ოკუპაციისთვის პასუხისმგებლობის ნაწილი; 2) გაიზრდება მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის ხარისხი. ორივე ეს ცვლილება სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

რუსული ოკუპაცია არის რეალობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ არაერთი წლის მანძილზე იარსებებს. ეს ასე იქნება უბრალოდ იმის გამო, რომ მოცემულ ისტორიულ ეტაპზე კრემლი აუცილებლად მიიჩნევს ოკუპაციის გაგრძელებას და, ამავდროულად, არ არსებობს ძალა, რომელიც მას ოკუპაციას შეაწყვეტინებდა. ოკუპაცია დასრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის შიგნით და საერთაშორისო სისტემაში მომხდარი ცვლილებების შედეგად, რუსეთს აღარ დარჩება მოტივაცია ან შესაძლებლობა მის გასაგრძელებლად. მანამდე კი ოკუპაცია შენარჩუნდება იმის მიუხედავად, რას მოიმოქმედებს საქართველო.

ამ არასახარბიელო ვითარების შეცვლამდე საქართველოს ხელისუფლების მოვალეობაა შეინარჩუნოს პოლიტიკური და იურიდიული საფუძვლები საიმისოდ, რომ საქართველომ აღადგინოს წესრიგი და კანონიერება მის მთელ ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც კი ეს შესაძლებელი გახდება. საქართველოს ახალი მთავრობის გეგმები, მათი შესრულების შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ და იურიდიულ საფუძვლებს დაასუსტებს.

 

კომენტარები