ივანიშვილი და მედია

ბიძინა ივანიშვილი: მთავრობაში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება

მთავრობაში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ინფორმაცია კახა კალაძის, თეა წულუკიანისა და არჩილ კბილაშვილის შესაძლო გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

''კახი კალაძე აქტიურად მუშაობს. კმაყოფილი ვარ იმით, რომ კარგად გაერკვა თავისი სამინისტროს შინაარსში. იგი აკონტროლებს სიტუაციას და სერიოზული შეცდომები არ აქვს. არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებითაც მსგავსი არაფერი იგეგმება. მით უმეტეს, საუბარი შეუძლებელია თეა წულუკიანზე. სამივენი არიან ერთმანეთზე უფრო საინტერესო პიროვნებები, ძალიან წესიერი, პატიოსანი და მაქსიმალურად ცდილობენ. არცერთ მათგანს არაფერი ემუქრება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, მას "ჰქონდა შეკითხვები კალაძესა და კბილაშვილზე", რადგან მათ გამოცდილება არ გააჩნდათ, თუმცა "ყველაფერი კარგად გამოსდით" და, შესაბამისად, ცვლილებები არ იგეგმება. 

ბიძინა ივანიშვილი დღეს უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში 21-კაციანი დელეგაცია მონაწილეობდა, რომლებიც წარმოადგენდნენ Berliner Zeitung-ს, Independent-ს, The Daily Telegraph-ს, Le Temps-ს, France 24-ს, Le Figaro-ს, TV TF-1-ს, სხვა გამოცემებსა და ტელეკომპანიებს. 

კომენტარები