ივანიშვილი და მედია

ივანიშვილი უარყოფს ხმებს , რომ მაესტროს ყიდვა სურს

ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნომ განმარტა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა, თითქოს ივანიშვილს აქვს ტალე-კომპანია მაესტროს შესყიდვის სურვილი. გუშინ ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მაესტროს გარშემო შექმნილი აურზაურის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, რომ სწორედ ტელე-კომპანიის შესყიდვის თაობაზე მისი სურვილი გახდა ”მაესტროში” დაპირისპირების საბაბი, რომ ” მან აღუძრა სიხარბე დამფუძნებლებს და შემდგომ გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც ტელევიზია პოლიტიკური შანტაჟისა და დაპირისპირების მოედანი გახდა."

”ხმები, ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" შესყიდვის სურვილის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, იგი გარკვეულ პირთა ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საზოგადოებისგან მალულად არანაირი მოლაპარაკების წარმოებას, მათ შორის მედია საშუალების შესყიდვის თაობაზე და თუ მომავალში ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს შეიძინოს ესა თუ ის მედია კომპანია, ამის შესახებ საჯაროდ და ღიად განაცხადებს", - ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილმა 7 ოქტომბერს ღიად გამოხატა საინფორმაციო გადაცემის ლიცენზიის მქონე რომელიმე ტელევიზიის შეძენის სურვილი - საბაზრო ღირებულების სამმაგ ფასად.

დღეს კი ტელეკომპანია მაესტროს მფლობელებმა დახმარებისთვის მიმართეს დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ”შენობიდან, რომელშიც ამჟამად იმყოფება ეროსი კიწმარიშვილი,მიმდინარეობს სატელიტისთვის მაესტროს სიგნალის უკანონოდ მიწოდება და მისი გავრცელება.ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აწარმოონ მონიტორინგი ხელისუფლების ქმედებაზე, რომელიც მიმართულია ტელეკომპანია მაესტროს პარალიზებისკენ და ასევე, ვთხოვთ დახმარებას , იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჟურნალისტების შესვლა ტელეკომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე ".- აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ მაესტროს დამფუძნებლები.

მაესტროში დაპირისპირებას დღეს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი. მან მაესტროს მფლობელებს და მმართველს ჟურნალისტების პატივისცემისკენ მოუწოდა. ” მფლობელები და მმართველები ფულის, დაფინანსებისა და წილების გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თურმე ამაშიც ხელისუფლების ბოროტი ზრახვაა”- განაცხადა მან.

 

კომენტარები