საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს უფრო მეტია, ვიდრე „უბრალოდ“ ტელევიზია!

ალბათ ამ სტატიას არ დავწერდი, რომ არა ის მძაფრი საფრთხის განცდა, რომელიც ადამიანს „უკუნ სიბნელესთან“ პირისპირ შეხვედრისას უჩნდება. სწორედ ასეთი განცდა მეუფლება, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე, სხვადასხვა არაფორმალი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ველაპარაკები.

მაუწყებლის მნიშვნელობაზე ლაპარაკს არ მოვყვები. დღეს ის ლიბერალური აზრისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზია. შეიძლება ვინმემ განცხადება ცინიკურად მიიღოს, მაგრამ შევეცდები, ავხსნა.

დავიწყებ იმით, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა საკანონმდებლო დიქტატისგან - რაც კანონის შეცვლის გზით მის რეფორმას გულისხმობს - უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად არ უნდა გაკეთდეს. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა დღეს თავისუფლების სივრცის გაფართოების ტოლფასია.

არსებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიბერალობაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, დაწყებული მანანა კობახიძის ფობიებით (ჰომოსექსუალების ეშინია, არ დამაძალონო), სოსო ჯაჭვლიანის მორიგების რეცეპტებით (რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ სისხლისღვრისგან თავის არიდების გზად, მორწმუნეებს ლოცვისგან თავის შეკავებას სთავაზობს), დამთავრებული ახალი ტიპის პრეზერვატივების დავითაშვილ-ბერძენიშვილისეური რეფორმების პაკეტით.

ლიბერალური აზრის წინააღმდეგ საფრთხეებს კიდევ უფრო აძლიერებს პოლიტიკოსების განწყობები. ბერძენიშვილი იყო რომ თქვა - სამოქალაქო საზოგადოებას რატომ უნდა ვკითხოთო. შეიძლება მართალიც თქვა ამ კაცმა. იმ ფონზე, როცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არნოლდ სტეპანიანი დარახველიძეს მიუტევებენ სოროსის ფონდში და ეს ფაქტი ყველა დანარჩენი „აქტიური მოქალაქის“ ჩუმი თანხმობით ჩაივლის, რაღატომ უნდა ჰკითხო მათ რამე.

უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე განმეორდება, თუ ხელისუფლება მაუწყებლის დაშლას გადაწყვეტს და შეეცდება, სამეურვეო საბჭო ხელახლა დააკომპლექტოს. ის, რაც წინა უმრავლესობის პირობებში მაუწყებლის სისუსტედ ითვლებოდა, ახალი უმრავლესობის პირობებში მისი ძლიერი მხარეა. საზოგადოებრივ მაუწყებელს უმრავლესობის კონიუნქტურის ნაწილად აღიქვამდნენ. დღეს ხომ აღარ დგას ეს საკითხი და რა სჯობს დემოკრატიისთვის - ხელი შევუწყოთ საკანონმდებლო რეფორმის პროცესს და ამით შევქმნათ ახალი კონიუნქტურა, თუ პირიქით, გავაჩეროთ რეფორმა და შევქმნათ თავისუფალი სივრცე?

საზოგადოებრივი მაუწყებელი მართვის ხარისხით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა რომელიმე ტელევიზიას მასზე გამორჩეულად უკეთესი მენეჯერი ჰყავდა? ფაქტია, რომ ტელევიზიის კეთება ბევრმა იცის საქართველოში, მაგრამ როგორ ტელევიზიას აკეთებენ, ეს სხვა საქმეა. თანაც, პირველად მოხდა, როცა მაუწყებლის მენეჯმენტმა თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღო და მენეჯერი გადადგა. მაგრამ ამის განხილვა ხომ ჯერ მოდაში არ არის, ჯერ გააზრება სჭირდება, გააზრებას - დრო და გონება.

მაუწყებელს უწუნებენ შენობას, გემოვნებას, კადრებს, შინაარსს, მაგრამ მწვავე თემებზე ერიდებიან ოპონენტთან მაუწყებლის ეთერში გამოჩენას, ერიდებიან მისი წარმატების აღიარებას. რა არის ეს, წინასაარჩევნო რიტორიკის გაგრძელება, რომელიც არაფორმალურ ჯგუფებს მემკვიდრეობად გადმოჰყვათ, თუ ზიზღის კამპანია - ყველაფერი, რაც „არ მეკუთვნის და არ მემორჩილება“, უნდა განადგურდეს.

დემოკრატია, სხვა განსაზღვრებებთან ერთად, განსხვავებული აზრების თანაარსებობის ფორმაცაა. დღეს ამ ინსტიტუტის მოცემული ფორმით არსებობა უკვე დემოკრატიულია. იმ ფონზე, როდესაც ტელევიზიებს ფინანსური პრობლემები ყოველდღიურ რეჟიმში ექმნებათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოტენციალი, გაძლიერდეს როგორც სტრუქტურულად, ისე ხარისხობრივად, შეუდარებლად მაღალია. ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩება ერთადერთ ტელევიზიად, რომელიც შეძლებს მთელი საქართველოსთვის მრავალფეროვანი პროდუქციის მიწოდებას და ამ ფონზე არსებული მდგომარეობის შეცვლა რას გამოიწვევს? გამოიწვევს წინსვლის რესურსის განვითარებას თუ სახელისუფლებო დიქტატის მიზნებისთვის მის მორგებას?

ძალიან მარტივი მოცემულობებია, რომელიც გონიერი ადამიანისთვის ყველაფერს ნათელსა და გასაგებს ხდის. მეც არ მიყვარს გიორგი მელაძე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს ისაა სამეურვეო საბჭოში. დემოკრატია გემოვნების იმედად ვერ იქნება, ვერც მხოლოდ ფასეულობების. დემოკრატია გონიერ და შემძლე ადამიანებს უნდა ეყრდნობოდეს. ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ ღიად თქვან რა არ მოსწონთ, მაგრამ დაიცვან ის, თუ მისი დაცვა უფრო მეტი სიკეთის გადარჩენის ტოლფასია. ეს იქნება სამოქალაქო სიმამაცე და არა ის, უკვე კარგად გამოკვლეულსა და „შეთანხმებულ“ პრობლემას რომ გაიხდი „საღეჭ რეზინად“. ჯერჯერობით გონიერების კრიზისი აშკარაა, თუ გონიერების არა, მაშინ ამას ახალი საბჭოთა ინტელიგენციის კრიზისი შეიძლება დაარქვა და სხვა არაფერი. საბჭოური ინტელიგენციაც ასე წარმომიდგენია, ფასეულობების მორგებას საკუთარ გემოვნებაზე რომ ცდილობდა. შეიძლება ვცდები და სხვა იყო.

შემდგომი პროცესები მამაცი და გონიერი ადამიანების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ასეთები ყოველთვის იყვნენ და დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა გახდა პრიორიტეტული.

 

 

კომენტარები