ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეორე ნაწილს რუსული მხარე არ დაესწრო. საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის შეხვედრის პირველი ნაწილი შედგა; მეორე ნაწილი კი რუსულმა მხარემ, რომლის დელეგაციაშიც შედის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლობა, უარგუმენტოდ დატოვა.
ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფში განხილვის თემა ახალგორისთვის გაზის მიწოდების, წყალმომარაგების პროექტები, დევნილთა დაბრუნებისა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების საკითხები უნდა ყოფილიყო.
„ეს იყო საკმაოდ რთული რაუნდი. ჩვენ გვქონდა საქმიანი პოზიცია და მზად ვიყავით, განგვეხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმა და შეთავაზებაც ჟენევის დისკუსიების ფორმატში - უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფებშია შესაძლებელი“, - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო ИТАР-ТАСС-თან საუბარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის „პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით შეჯახება“ მოხდა.
„მათ სურთ აჩვენონ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო და სხვა დელეგაციები - რუსეთი, აშშ, ევროკავშირი - ხელისუფლებაა და არა დე იურე და რომ საქართველო სხვა იურიდიული კალიბრია“, - აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ თანაბარი სტატუსით უნდა ისარგებლოს.
კარასინმა აღნიშნა, რომ დისკუსია პოზიტიურ ნოტზე დასრულდა. კონსულტაციების შემდეგი, 23-ე რაუნდი 2013 წლის მარტშია დანიშნული.




