დაკავება

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, სერგო ბიწაძე დააკავეს.

სერგო ბიწაძისა და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთ ბრალი უკვე წარედგინათ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს, ალექსანდრე მუხაძეს და სერგო ბიწაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. რაც შეეხება ეპიზოდს - ისინი ბრალდებულები არიან სერგო თეთრაძის გლდანის ციხიდან ხელბორკილებით გამოყვანაში, გაურკვეველი მიმართულებით წაყვანასა და ნაცემ მდგომარეობაში დაწესებულებაში მის დაბრუნებაში", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

როგორც ცნობილია, ალექსანდრე მუხაძე საქართველოში არ იმყოფება და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შეგახსენებთ, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება 28 ნოემბერს გაავრცელა.

საქმის მიხედვით, ბრალდებული თეთრაძე #8-ე საპყრობილეში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში. არჩილ კბილაშვილის თქმით, პატიმრის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დასახელდა. "დაკავებულია უშუალო აღმსრულებელი სისაური, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან'', -აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

"მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პატიმარი თეთრაძე, #8-ე საპყრობილის ტერიტორიიდან, შინაგანაწესის უხეში დარღვევით, უკანონოდ გაიყვანეს გლდანის საპყრობილის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მანქანით. მუხაძე თავადაც იმყოფებოდა მანქანაში. მოწმეები ადასტურებენ, რომ 4-5 საათის შემდეგ თეთრაძე იმავე მანქანით იმავე პირებმა დააბრუნეს ციხის ტერიტორიაზე. იგი მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, იყო წელში მოხრილი და სიარული უჭირდა. ამასთან, მორიგე ექიმი ადასტურებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა #53-ე საკანში, არამედ კარანტინის ნახევრად სარდაფულ საკანში", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა, 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები