ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს. სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ დიალოგის განახლების შეთავაზებაზე რუსეთისგან ადეკვატური რეაგირება ვერ მიიღო.
"ჩვენი მოქმედება შეესაბამება სწორედ რუსეთთან დიალოგის სურვილს, პრემიერმინისტრმაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძეც ამიტომ დანიშნა, თუმცა მათი მხრიდან ვერ მივიღეთ ადეკვატური რეაქცია. რაც შეეხება სიტყვა "რიტორიკას", რომელიც სერგეი ლავროვმა ახსენა, ეს რიტორიკა კი არა, რეალობაა - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ არ ვაყენებთ წინაპირობად, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების განხილვით დავიწყოთ დიალოგი, მაგრამ ამ პროცესს არ შეუწყობს ხელს მათი მხრიდან იმის უარყოფა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ არის. დიახ, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ჩვენი უმთავრესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით მცდელობას არ დააკლებს.
"ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდანაც უნდა გადმოიდგას კონკრეტული ნაბიჯები. არსებობს არხები იმისთვის, რომ შესაბამის დონეზე დაიწყოს ლაპარაკი, თუმცა არცერთი არხი არ ჩაანაცვლებს ჟენევის პროცესს. ჟენევის პროცესი უმნიშვნელოვანესია, რუსეთთან იქ გაგრძელდება მოლაპარაკებები კონფლიქტის საკითხზე და სხვა არხები გამოიყენება იმისთვის, რომ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგას", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრიუსელში, NATO-რუსეთის საბჭოს თათბირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების რიტორიკა არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განახლების სურვილს.
"ჩვენი ქართველი მეზობლები აცხადებენ, რომ მათ სურთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ ამავე დროს განიხილავენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასეთი რიტორიკა, მაინცდამაინც არ შეესაბამება წინაპირობების გარეშე ურთიერთობების განახლებას. ჩვენ პრაქტიკული კუთხით, ხალხთა შორის პრაქტიკული ურთიერთობის კუთხით გართულებებს ვერ ვხედავთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.