რელიგიის თავისუფლება

ომბუდსმენი კბილაშვილისგან წინწყაროში მომხდარი ინციდენტის შესწავლას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მთავარი პროკურორისგან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, მუსლიმთა აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფის ფაქტების შესწავლასა და სათანადო ღონისძიების გატარებას მოითხოვს.

როგორც ტაბულა უკვე წერდა, წინწყაროში სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი, მუსლიმებისგან სამლოცველოს მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვს, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადობით იმუქრება.

"სოფლის ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც, მარად ღორჯომელაძეზე (მეჩეთის წინამძღვარი) რელიგიური ნიშნით ზეწოლას ახორციელებს. კერძოდ, 2012 წლის 29 ნოემბერს მარად ღორჯომელაძეს რელიგიურ ნიადაგზე სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა მეჩეთის მშენებლობას, დაუწვავდნენ სახლს და გააძევებდნენ სოფლიდან. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, მისი ოჯახის მიმართ მუქარა დღემდე გრძელდება", - ნათქვამია მიმართვაში.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტი მეორე დღესაც განმეორდა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი, პარასკევს, მუსლიმთათვის ტრადიციულ დღეს, მოითხოვდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს შეეწყვიტათ რიტუალის აღსრულება, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და მათ ლოცვა მოახერხეს.

სოფელი წინწყარო მეორე სოფელია, სადაც ბოლო პერიოდში მართლმადიდებელთა მხრიდან, მუსლიმთა უფლებების ხელყოფას აქვს ადგილი. პირველი ინციდენტი ოქტომბერში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მოხდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლითაც მან შსს-ს ნიგვზიანში მომხდარი ინციდენტის თაობაზე მიმართა, სამინისტროდან ომბუდსმენის ოფისს პასუხი არ მიუღია და, შესაბამისად, არც გატარებული ღონისძიებების შესახებ არის ცნობილი.

"ვინაიდან მსგავსი ფაქტები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველა სათანადო ორგანოს, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით", - ნათქვამია მთავარი პროკურორისადმი მიმართვაში.

 

კომენტარები