ლობისტური კომპანიები

ვინ ხარჯავს უფრო მეტ ფულს ამერიკელ ლობისტებზე?

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უშიშროების საბჭომ ლობისტურ კომპანიებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ამ ინფორმაციის „გახსნა“, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. საჯარო ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო უწყებებს ჯამში 1.8 მილიონი დოლარის კონტრაქტორი ლობისტები ჰყავდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ლობისტურ მომსახურებაში თვეში მინიმუმ 300 ათას დოლარს იხდიდა. მაგალითად, მხოლოდ ერთ კომპანიასთან (Patton Boggs LLP) 10-თვიანი კონტრაქტი ივანიშვილს 1.6 მილიონი დაუჯდა.

სწორედ ბიუჯეტიდან ამ და სხვა სავარაუდო დანახარჯებს უკავშირებს ივანიშვილი უცხოურ პრესაში გახშირებულ სტატიებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ. Washington Post-ი, La Liberation-ი, The New York Times-ი, The Economist-ი, Wall Street Journal-ი და სხვა ავტორიტეტული გამოცემები ივანიშვილს და მის ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ. პრემიერმინისტრი დასავლური მედიის კრიტიკას ნაციონალური მოძრაობის ლობისტურ საქმიანობას მიაწერს.

"სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა", - ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი Washington post-ისთვის "პასუხის მოთხოვნაზეც" საუბრობდა, მას შემდეგ, რაც გამოცემამ გამოაქვეყნა სარედაქცო წერილი სათაურით "საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა".

"გაზეთს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ იქაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ობიექტურობას, მე დასკვნას არ გავაკეთებ და თუ ამის მსგავსი მცდელობაა გაზეთის მხრიდან, რეაგირებას გავაკეთებთ, დავუკავშირდებით და მოვთხოვთ პასუხს, რის საფუძველზე გააკეთა ეს დასკვნები. მარტო სააკაშვილი ეხმარებოდა თუ ვინ ჰყავთ კიდევ მრჩეველი. აი, გლუქსმანი მაგალითად. ეს არის კოჰაბიტაცია მაგათი პრინციპების, რომ ჩვენზე პასკვილებს გზავნიან ყველგან", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

იმ ფონზე, როცა პრემიერმინისტრის დაანონსებული ვიზიტი აშშ-ში მისი მოუცლელობის საბაბით გადაიდო, მმართველი გუნდი პოლიტიკური ოპონენტების კავშირებითა და დახარჯული ფულით ხსნის არა მარტო კრიტიკულ პრესას, არამედ დასავლელი პოლიტიკოსების, დიპლომატების და ექსპერტების მხრიდან კრიტიკას, რომლის მთავარი მოტივი, მათივე შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებია.

ქვეყნის გარეთ კრიტიკული დამოკიდებულების შესაქმნელად 16 მილიონი ლარის დახარჯვის ბრალდებას გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივანიც. გიგა ბოკერიას განცხადებით, უშიშროების საბჭოს აპარატის მიმართ დასმული მსგავსი შეკითხვები გაკვირვებას იწვევს, რადგან ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების მიზნებისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის, ხოლო გამოთხოვნილი ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს 30 ნოემბერს გადაეგზავნა.

"პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პასუხს მოსთხოვს იმ პუბლიკაციების ავტორებსა და გამოცემებს, რომელთა კრიტიკასაც ის "არაობიექტურად" მიიჩნევს. უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პრემიერმინისტრისა და მისი კაბინეტის წევრების მიერ კრიტიკული აზრის მიმართ გამოჩენილი შეუწყნარებლობა. აღნიშნული ასევე ცხადყოფს, რომ პრემიერმინისტრს არ ესმის, თუ როგორ მუშაობს მედია ამერიკის შეერთებულ შტატებში და, ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროში. ახალი მმართველი გუნდის მიერ საქმიანობის პირველი ერთი თვის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, მისი რიტორიკა და რეაქცია ქვეყნის შიგნით ოპონენტების, უცხოელი პარტიორებისა და საერთაშორისო პრესის მხრიდან კრიტიკაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც დგას, პირველ რიგში, ქართული დემოკრატია, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და, საბოლოო ჯამში, მისი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება", - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კანონმდებლობით, რომელიც ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობას ითვალისწინებს (ლობირების განსაჯაროების აქტი; უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი), ნებისმიერი ფირმა, რომელიც ამ საქმითაა დაკავებული, ვალდებულია, საჯარო გახადოს ყველა მონაცემი მათი საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს ლობისტებზე დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ამერიკის შესაბამისი ოფიციალური უწყებების ვებგვერდზე შეუძლია.

ლობისტებზე საუბარი აქტუალური იყო წინასაარჩევნო პერიოდშიც. ნაციონალურ მოძრაობას აშშ-ში არცერთი რეგისტრირებული ლობისტური ორგანიზაცია არ ჰყავდა, არც არჩევნებამდე და არც ახლა. თუმცა პოლიტიკური ოპონენტები და ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაცია იმჟამინდელ მმართველ პარტიას სახელმწიფო რესურსების პარტიული მიზნებით გამოყენებაში ადანაშაულებდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრის ოფისს და თავდაცვის სამინისტროს სულ 1.8 მილიონი დოლარის კონტრაქტორი ლობისტები ჰყავდა. სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ლობისტურ ორგანიზაციებს შორის იყვნენ the Podesta Group, Orion Strategies LLC, Prime Policy Group, Gephardt Group Government Affairs, LynxDC და კონსულტანტი გრეგორი ა. მანიატისი.

თავის მხრივ, ივანიშვილს არჩევნებამდე სულ მცირე 5 ლობისტური ორგანიზაცია ჰყავდა აშშ-ში. მათ შორის Parry and Roman Associates Inc, Patton Boggs LLP, Downey McGarth Group Inc, National Strategies LLC, BGR Group. ლობისტურ საქმიანობაში ივანიშვილი თვეში სულ მცირე 300,000 დოლარს ხარჯავდა - მხოლოდ Patton Boggs LLP-ის სერვისი ივანიშვილს თვეში 160,000 დოლარი უჯდებოდა. კონტრაქტების ნაწილი იანვარშია გაფორმებული და შემდეგ აგვისტო-სექტემბერში განახლებული.

მედიასთან ურთიერთობას კომპანია National Strategies-ი ლობირებდა. National Strategies-ი ამ სერვისებს რამდენიმე ქვეკონტრაქტორის, Downey McGrath Group და Parry, Romani, DeConcini & Symms, დახმარებით ახორციელებდა. ივანიშვილი ყოველთვიურად 105 000 აშშ დოლარს უხდის National Strategies-ს; Downey McGrath Group-სა და Parry, Romani, DeConcini & Symms-ს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.

კონტრაქტის თანახმად, National Strategies-ის მომსახურება მოიცავს აშშ-ში მედიაკამპანიის უზრუნველყოფას, რომლის სამიზნეც არიან ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და წამყვანი კომენტატორები, პოლიტიკური მიმომხილველები. ამაში ასევე შედის აშშ-ის ეროვნულ პრესკლუბში ბრიფინგების მოწყობა, ექსკლუზიური ინტერვიუების ორგანიზება, მედიის მონიტორინგი და მათზე რეაგირება.

ამასთან ერთად, National Strategies-ი უზრუნველყოფს კამპანიასა და პიარში ივანიშვილის კონსულტაციებს მისი პარტნიორი კომპანიის K-global-ის მეშვეობით. ამ მომსახურებისთვის ივანიშვილი ყოველთვიურად 65 000 აშშ დოლარს იხდის.

ივანიშვილის ლობისტები მედიასთან და მთავრობასთან ურთიერთობების მოგვარებასთან ერთად, ზრუნავდნენ ივანიშვილზე დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე და სოციალურ ქსელებზე ივანიშვილის აქტიურობაზე. აღსანიშნავია ივანიშვილის Twitter ანგარიშიც, რომლის ადმინისტრირებაც სრულიად ინგლისურად ხდებოდა და ინგლისურენოვან პუბლიკაზე იყო გათვლილი.

ივანიშვილის ლობისტურ საქმიანობას სოციალურ ქსელ Facebook-ზე ქართული ოცნების წარმომადგენელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ნაადრევად შეწყვიტა ლობისტური საქმიანობა და მმართველმა პარტიამ თავისი პარტიული ინტერესების გატარებისთვის ლობისტური ორგანიზაციების დაქირავება უნდა გააგრძელოს.

განსხვავებულ პოზიციას ახმოვანებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. Foreign Policy-სთვის მიცემულ ინტერვიუში მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც სააკაშვილს კარგად ჰქონდა ორგანიზებული, ლობირება იყო. ივანიშვილის ვაშინგტონელ ლობისტებზე, მათ შორის, Patton Boggs-სა და BGR Group-ზე, ფანჯიკიძე აცხადებს: "ჩვენ არ გვყავს ლობისტები". თუმცა, ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების სიის წარდგენის შემდეგ, ამატებს, რომ მათთან კონტრაქტები არ გაგრძელდება. "ეს კამპანიის დროს იყო და არა ახლა", - ამბობს ფანჯიკიძე.

ამასთან, 29 ნოემბერს ამერიკულმა ვებსაიტმა BuzzFeed გაავრცელა ცნობა, რომ ლობისტური კომპანია BGR Group აღარ არის პრემიერმინისტრ ივანიშვილისა და ქართული ოცნების წარმომადგენელი. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ლორენ მონრომ განაცხადა. ოფიციალურად, BGR-ს ივანიშვილისგან ამ წლის მანძილზე მხოლოდ 30 ათასი დოლარი აქვს მიღებული. გამოცემის ცნობით, ივანიშვილი განაგრძობს თანხის გადახდას სხვა ლობისტური ჯგუფებისთვის, თუმცა, ზოგიერთი მათგანთან ხელშეკრულება მალე უნდა დამთავრდეს. აქვე ნახსენებია, რომ კომპანია Patton Boggs-მა იანვარში ივანიშვილთან 10-თვიანი მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ივანიშვილისგან კომპანიას თვეში 160 ათასი დოლარი უნდა მიეღო. ამავე პერიოდში, ივანიშვილმა მომსახურებისთვის მილიონ ასიათასზე მეტი გადაუხადა ზემოთ ხსენებულ National Strategies LLC-ს. ხსენებული ლობისტური კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე გამოცემასთან კომენტარი არ გააკეთეს. კომენტარზე უარი თქვა ლარი კინგის პრესმდივანმაც, რომელიც ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ მე-9 არხთანაა დაკავშირებული და გავრცელებული ცნობით, ამ ტელეკომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრად მოიაზრება. ასევე მარკ გინსბერგმა, ყოფილმა ელჩმა მაროკოში, რომელიც ტელეკომპანიას ლობირებდა.

გამოცემა წერს, რომ მათი ქართულ პოლიტიკასთან დაახლოებული წყაროს აზრით, BGR-თან ურთიერთობის შეწყვეტა უჩვეულოდ აგრესიული ლობისტური მცდელობების შემცირებაა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მთავრობის კონტროლი მოიპოვა.

 

კომენტარები