პალესტინა

გაერომ პალესტინას დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა პალესტინის ავტონომიისთვის სტატუსის გაზრდას. პალესტინას დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა.

გადაწყვეტილებას 138-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი - მათ შორის საქართველომ. 41-მა თავი შეიკავა, ხოლო ცხრა ქვეყანამ - მათ შორის აშშ-მ და ისრაელმა წინააღმდებობა გამოხატა.

აქამდე გამართულ სესიებზე საქართველო მხარს არ უჭერდა პალესტინისთვის ავტონომიის სტატუსის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს რომ ამ ეტაპზე ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კი, აღნიშნა, რომ "საქართველო ყოველთვის მხარს იკავებდა პალესტინის ავტონომიის გაფართოებისთვის მხარის დაჭერისგან, მაგრამ ამჯერად  გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე მხარი დავუჭირეთ და მგონია რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. არა მგონია, ამან საქართველოს რამეში ხელი შეუშალოს". 

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ საქართველოს მიერ ამ რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა დადებითად შეაფასა. 

" ამ ტიპის რეზოლუციებს ჩვენ ადრეც ვუჭერდით მხარს, მითუმეტეს ეს ნაკლებად პოლიტიკური რეზოლუცია იყო და არ იყო საყოყმანო დეტალები. საქართველო 90-იანი წლებიდან აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას და ემხრობა ორი სახელმწიფოს პოლიტიკას. არა მგონია, ამან ისრაელთან პრობლემები შეგვიქმნას. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა და სწორედ ეს გახდა ალბათ ასეთი გადაწყვეტილების მიღების საბაბი. ამას გარდა, არაბულმა სამყარომ და პალესტინამ გარანტიები მისცეს დასავლეთს რომ ეს რეზოლუცია არ გახდება საწინდარი, თუნდაც გაეროში სრულუფლებიან წევრად გახდომის სურვილისა ან სხვა ორგანიზაციებში", - განაცხადა კაპანაძემ. 

ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინის სტატუსზე კენჭისყრა იქნებოდა ,,უკანასკნელი შანსი ორი სახელმწიფოს შესაქმნელად’’.

გადაწყვეტილების შედეგად, პალესტინას შეეძლება გაეროს სხვადასხვა საკითხების განხილვაში მიიღოს მონაწილეობა. 

კომენტარები