პალესტინა

პალესტინაში საპროტესტო აქციების მონაწილეები პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გადადგომას ითხოვენ

დემონსტრანტები რამალაში ნიზარ ბანატის პლაკატებით ხელში
AFP

იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქ რამალაში პალესტინელი დემონსტრანტები პალესტინის უშიშროების ძალებს დაუპირისპირდნენ. პროტესტი დაკავებული აქტივისტის სიკვდილმა გამოიწვია. დემონსტრაციები, უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. პროტესტის მონაწილეები პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის გადადგომას ითხოვენ.

დაპირისპირების დროს პროტესტის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დემონსტრანტების დასაშლელად უშიშროების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ბარიკადები გამართეს

43 წლის აქტივისტი ნიზარ ბანატი, რომელიც პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას კორუფციაში ადანაშაულებდა და ბრალდებებთან დაკავშირებულ ვიდეოებს სოციალურ მედიაში აქტიურად ავრცელებდა, 24 ივნისს გარდაიცვალა. ბანატი ასევე პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას. არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პალესტინის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არჩევნები გადადო.

უშიშროების ძალებმა მის სახლში რეიდი მოაწყეს და ბანატი ძალადობრივად დააკავეს. აქტივისტის ოჯახის წევრების თანახმად, სამართალდამცველებმა ნიზარ ბანატს დაკავების დროს სცემეს.

ექიმი სამირ აბუ ზანზორის, რომელმაც აუტოფსია ჩაატარა, თქმით, ნიზარ ბანატის სხეულზე დაზიანებები მიანიშნებს, რომ მას თავზე, გულმკერდის არეში, კისერში, ხელეფსა და ფეხებში სცემეს. მისი დაკავებიდან სიკვდილამდე ერთი საათი იყო გასული. 

დემონსტრაციები ბანატის გარდაცვალების დღესვე, 24 ივნისს დაიწყო. ქალაქ რამალასა და ბანატის მშობლიურ ქალაქ ჰებრონში საპროტესტო აქცია გაიმართა. მომდევნო დღეს ათასობით ადამიანი დაესწრო მის დაკრძალვას.

ნიზარ ბანატის სიკვდილი დაგმო აშშ-მ, გაერომ და ევროკავშირმა. პალესტინის პრემიერმინისტრის თქმით, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები