მთავარი პროკურატურა

პროკურატურა თენგიზ გუნავას 3000 ლიტრი საწვავისა და 49 500 ლარის მითვისებას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა გუშინ, 29 ნოემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ორი კვირით ადრე სასამართლომ ის ცალკე საქმესთან დაკავშირებით გირაოთი გაათავისუფლა. 

ამასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება გუნავას 3000 ლიტრი საწვავისა და 49 500 ლარის მითვისებას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, გუნავამ თანხა  შსს-ის ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან  1 სექტემბერს მიიღო, თუმცა მის მიერ "გამოყენებული არ ყოფილა სამსახურეობრივი საჭიროებისათვის". პროკურატურის თქმით, ორივე შემთხვევაში შსს-ს "მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი".

გუნავას ადვოკატის თქმით, ბრალდებები აბსურდულია.

 "თენგიზ გუნავას 3000 ლიტრი საწვავით მეტი აქვს აღებული, ვიდრე ლიმიტით ჰქონდა დადგენილი. მას ხელი აქვს მოწერილი, რომ ეს ბენზინი ნამდვილად აიღო. მაშინდელმა მინისტრის მოადგილემ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ ადამიანს მისი საქმეების განსახორციელებლად ჭირდებოდა 3000 ლიტრზე მეტი. აქ დავა არ უნდა დაწყებულიყო, რადგან მითვისება არის, როდესაც რაღაცა შენს სარგებლობაშია, არ გეკუთვნის და მოიხმარ. ჩემი აზრით, შეიძლებოდა სხვა კუთხით ედავათ და ეკითხათ, ვინც გასცა ეს ბენზინი, თუ რატომ ჩათვალეს საჭიროდ მისი გაცემა და რაში სჭირდებოდა თენგიზ გუნავას ეს ბენზინი",-აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ონიანმა.

მისივე თქმით, ეჭვების არსებობის შემთხვევაში, შეკითხვები საწვავის გამცემისათვის უნდა დაესვათ, რომელიც დაასაბუთებდა, რომ გუნავა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარკვეულ ღონისძიებებს ატარებდა, რის გამოც 3000 ლიტრით მეტი საწვავის გაცემა გამცემმა მიზანშეწონილად მიიჩნია. 
"აქ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და შეიძლება საყვედური მისცე ვინმეს სამსახურში",-განმარტა ონიანმა.

გუნავა, რომელიც სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ვიდრე გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი გახდებოდა, დაახლოებით ორი კვირის წინ  იარაღისა და ნარკოტიკების შენახვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს.  10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, გუნავამჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილია, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. მას შემდეგ, რაც მან პროკურატურას მიმართა მისი „უკანონო დაკავების“ გამოძიების თხოვნით, პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები