ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალის ციხიდან 3 ქართველი პატიმარი გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხიდან 3 ქართველი პატიმარი, გია და აკაკი აბალაკიები და გერონტი პაპიტაშვილი გაათავისუფლეს. აბალაკიები და პაპიტაშვილი ორი თვის წინ გორის რაიონის სოფელ კირბალთან ოსურმა მხარემ დე-ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავა . 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ. ოსურ მხარესთან მათ გასათავისუფლებლად ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებას შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დვალიშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი აწარმოებდნენ.

პატიმრების გათავისუფლებას გამოეხმაურა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, მიუღებელია, რომ ცხინვალის მხრიდან რეგულარულად ხდება ქართველი გლეხების დაპატიმრება სხვადასხვა მიზეზის გამო.

"სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მოხდა ის, რომ ცხინვალმა გაათავისუფლა სამი ადამიანი. ჩათვალეს, რომ მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ, გარდა იმისა, რომ მათი მოსაზრებით გადალახეს ის საზღვარი, რომელსაც თვლიან სახელმწიფო საზღვრად. საჭიროა მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ასეთი ფაქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რომ მოხდეს ამ კატეგორიის ადამიანების გათავისუფლება," განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ცხინვალის მიერ დაკავებული საქართველო მოქალაქეები უკანონო პატიმრები არიან, რადგან ისინი არა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არამედ საოკუპაციო ძალების მიერ იქნენ გასამართლებული. 

კომენტარები