დაკავება

სამშენებლო კომპანია NCC-ს დირექტორი დაკავებულია

თბილისის წყლის ყოფილი ხელმძღვანელი, გეგი ქელბაქიანი დაკავებულია. გამოძიება ქელბაქიანს სამშენებლო კომპანია NCC-ში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. ქელბაქიანთან ერთად დაკავებულია კომპანიის ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძეც.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულთათვის გამოძიებას ბრალი ჯერ არ წაუყენებია.

გეგი ქელბაქიანი და არჩილ ჩოგოვაძე ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიბარეს და რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

ქელბაქიანის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავება თბილისის წყალს არ უკავშირდება. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კომპანია NCC-ის 70%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გეგი ქელბაქიანი ბუდაბარის ერთ-ერთი მეპატრონეა. კომპანია NCC, სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად,  რიყის ტერიტორიაზე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის მშენებლობას ახორციელებს.

 

კომენტარები