გაფიცვა

თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

დღეს, 8 ნოემბერს, დილის 6 საათიდან თბილისის სამი ავტოპარკის 1350 მძღოლი გაიფიცა.  ქალაქში არცერთი ავტობუსი არ მოძრაობს. მოქალაქებს მიკროავტობუსებით უწევთ გადაადგილება. 
ყვითელი ავტობუსების მძღოლებს 17-პუნქტიანი მოთხოვნათა ნუსხა აქვთ შემუშავებული. გაფიცულები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან  ძირითადად შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ. გარდა ამისა, მძღოლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაწეული შრომის პრემიის სახით ანაზღაურებას, 2009 წელს მეტროსა და ავტობუსის გაერთიანების შედეგად დაკარგული შვებულების ანაზღაურებას და ბოლო გაჩერებაზე ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას ითხოვენ.
მძღოლები არ აპირებენ დაშლას მანამ, სანამ მათი პირობები არ დაკმაყოფილდება.
თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე აცხადებს, რომ თბილისში ავტობუსების მოძრაობა აღდგება. ჯოხაძე შეხვედრებს აგრძელებს ავტობუსების გაფიცულ მძღოლებთან და იმედს გამოთქვამს, რომ  მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება. 

კომენტარები