ადამიანის უფლებები

ჩვეულებრივი ქსენოფობია

ყოფილხართ სიტუაციაში, რაღაც საკითხზე ყველა რომ ერთს ფიქრობს და მეორეს ამბობს? თითქოს შეთანხმება არსებობს, რომელიც არავის უნახავს, მაგრამ მაინც ყველამ იცის და ზედმიწევნით ასრულებს.

აი, ჩვენ ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვართ - მთელი საზოგადოება.

ქართულ მედიას თუ გადავხედავთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა არის ელემენტარული ცნებების არსი: რა არის ადამიანის უფლებები, ქსენოფობია, ლიბერალიზმი.

თითქოს ამ თემებს იმდენად ხშირად და მონდომებულად „ვღეჭავთ“, რომ გულის რევის მსუბუქ შეგრძნებამდე მივედით. უხერხულობის განცდაც კი გიჩნდება, როდესაც, მაგალითად, სიტყვა „ლიბერალიზმს“ ამბობ. რამდენი შეიძლება.

მაგრამ ხომ ფაქტია, რომ მაინც „გაურკვევლობაა“.

ბევრისთვის ჯერაც სადაოა, არიან თუ არა ქსენოფობები ეკა ბესელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და რობერტ სტურუა.

ქეთი დოლიძესაც შეუძლია Facebook-ის სტატუსებით ამტკიცოს, რომ ქსენოფობი კი არა, ავანგარდული ხელოვანია და ამით „ლაიქები აკრიფოს“.

მოდით, ამ თამაშს ნუ ავყვებით და თავს ნუ მოვიტყუებთ.

ნუ გავაგრძელებთ იმ „ცეკაში“ დასამტკიცებელი ფილმების ტრადიციას, სადაც თბილისელი ქუჩის ბიჭები, იმის მაგივრად რომ იჩხირავდნენ, „ბატონოებით“ და „ქალბატონოებით“ საუბრობენ.

ძალიანაც ესმით!

ადამიანებს თუ დიმიტრი ლორთქიფანიძე უნდათ სახალხო დამცველად, ეს იმიტომ არ ხდება, რომ პატიოსანი კაცი ჰგონიათ. არც იმიტომ, რომ არ იციან, რა არის სახალხო დამცველის ფუნქცია, ან იმიტომ, რომ წინა სახალხო დამცველებმა ყველა ვერ დაიცვეს.

პირიქით: ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარს ზუსტად იმიტომ უჭერენ, რომ ომბუდსმენის მაგივრად უნდათ კაცი, რომელიც „თავისიანებს“ „სხვანაირების“ ჩაგვრაში დაეხმარება.

როდესაც ანსამბლ „ერისიონის“ წევრები ლორთქიფანიძის დანიშვნას ითხოვენ, ისინი არ ფიქრობენ „როგორ დავამყაროთ სრული სამართლიანობა ყველასთვის“. ისინი ფიქრობენ - „პიდარასტების დედაც“.

კამათი იმაზე, თუ რატომ არის რომელიმე აშკარა ქსენოფობი მართლა ქსენოფობი, დროის კარგვაა - მათივე შემოთავაზებული თამაშის მიღებაა. ქსენოფობობის მტკიცებულებები უნდა შევაგროვოთ, დავახარისხოთ და გვერდზე გადავდოთ.

თუ გვინდა „გადაღეჭილ“, მაგრამ მაინც „გაურკვეველ“, ცნებებთან დაკავშირებით წინ წავიწიოთ, უნდა ვიკამათოთ იმის გათვალისწინებით, რას ფიქრობენ ადამიანები სინამდვილეში.

რა ხდება ქსენოფობის, ან მისი მხარდამჭერის, თავში, როდესაც გეუბნება, რომ ქსენოფობი ის კი არა, შენ ხარ? ფიქრობს, რომ ძალიანაც ამაყია თავისი ქსენოფობობით, მაგრამ ამის ღიად თქმა არ აწყობს. იცის, რომ თუ იტყვის - „დიახ, მე ქსენოფობი ვარ და მიხარია“, ბევრ შესაძლებლობას დაკარგავს. მაგალითად, ვერ იმატრაკვეცებს საერთაშორისო მედიასთან, ორგანიზაციებთან, უცხოელ კოლეგებთან, თითქოს სინამდვილეში პარტიული ინტერესების, ან ასაკის, ან ულვაშების გამო ერჩიან. ვერ მიიღებს მხარდამჭერ წერილს ვანესა რედგრეივისგან.

იმის მტკიცებით, რომ ეკა ბესელია ქსენოფობია, მის მხარდამჭერს ვერ დაარწმუნებ, რომ ბესელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა იყოს.

კამათი სულ სხვა განზომილებაში უნდა მიმდინარეობდეს - რატომ არის ქსენოფობია ცუდი; მორალურად, პოლიტიკურად, თუნდაც ეკონომიკურად.

ერთ-ერთი გავრცელებული კონტრარგუმენტი, უმცირესობების პრობლემებზე საუბრისას, დაახლოებით ასე ჟღერს: „რა დროს უმცირესობებია, როდესაც ადამიანებს შიათ“. იგულისხმება, რომ ქსენოფობიაზე საუბარი გაჭირვებიდან ყურადღების გადატანაა.

რეალობა საპირისპიროა.

სიღარიბიდან ქსენოფობიაზე ყურადღების გადატანა მართლაც ხდება; ოღონდ გადადის არა იმათი ყურადღება, ვინც გაჭირვებულებზე შორიდან ზრუნავს, არამედ თავად ღარიბების.

ცხადია, ადამიანს, რომელიც ღამეს ათენებს იაღოველების ოფისის წინ ზარის რეკვაში ან აწყობს აქციას თანასოფლელი მუსლიმების წინააღმდეგ, ნაკლები აგრესია დარჩება საკუთარი გაჭირვების მიმართ.

ვისაც ადამიანების სიღარიბე გულწრფელად ადარდებს, ქსენოფობია ორმაგად უნდა ეზიზღებოდეს.

სწორედ ასეთი, ღარიბი, მაგრამ ქსენოფობი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ცხოვრების დონის გაუმჯობესების მაგივრად იმაზე ფიქრობს, როგორ „გადაარჩინოს“ ქვეყანა უცხო სხეულებისგან, არის ყველაზე მარტივი და იაფი სამართავი. სწორედ ასეთი ადამიანი შეიძლება დააკმაყოფილო სადღეგრძელოს ფორმატის გამოსვლებითა და შეთქმულების თეორიებით, ნაცვლად მატერიალური სიკეთეებისა.

მშიერი მასების იდეოლოგიით კვების ამოცანა კიდევ უფრო ადვილდება, როდესაც ხელისუფლებას, საჭიროების მიხედვით, კანონიერების ჩარჩოებიდან გამოსვლა შეუძლია.

ბოლო პერიოდში, ამის ორი თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ: ჯერ ეკა ბესელია მიზანმიმართულად უგულებელყოფდა გურიაში მუსლიმებთან დაპირისპირებას, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განაცხადა, რომ პრობლემა რელიგიურმა ჯგუფებმა ერთმანეთში უნდა მოაგვარონ.

პირველ შემთხვევაში, საქმე გვქონდა უკიდურეს ცინიზმთან და მორიგ, შეგნებულ ტყუილთან, ბესელიას მხრიდან. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია მეორე - პრობლემის აღიარების შემდეგ, ხელისუფლების მცდელობა მოიხსნას პასუხისმგებლობა.

ამგვარი პასიურობით, ხელისუფლება ცდილობს, ერთი მხრივ, არ გახდეს ქსენოფობიური ქმედებების უშუალო თანამონაწილე, მეორე მხრივ კი, ქსენოფობიურ განწყობებს არ დაუპირისპირდეს - ანუ არ დაკარგოს ამომრჩეველი.

ამ ტაქტიკამ არ უნდა მოგვატყუოს. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების ჩაურევლობა, როდესაც მოქალაქეები ერთმანეთის უფლებებს არღვევენ, თანამონაწილეობის ტოლფასია.

ამავდროულად, გასააზრებელია, რა არის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ საქართველოში გავრცელებული დამოკიდებულების არსი და მიზეზები. რას ნიშნავს უკვე შაბლონად ქცეული ფრაზა „იაღოველებს რომ იცავ, იაღოველი ხარ?“; და როგორ შევცვალოთ ეს დამოკიდებულება.

საზოგადოებას აკლია ადამიანის უფლებების თანმიმდევრულად დაცვის მაგალითები.

წინა ხელისუფლებამ ამ სფეროში ორმაგი სტანდარტები ვერ გადალახა. ნაციონალებმა არ მიიტანეს გულთან ახლოს იმათი უფლებები, ვისაც „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის“ საკუთარ პროექტში ვერ ხედავდნენ - ვისაც მომავლის მატარებელში კუპე არ ჰქონდა აღებული.

ამ დამოკიდებულების ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაცია იყო სახალხო დამცველის გამოსვლა დაცარიელებულ პარლამენტში; ფაქტი, რომელიც დათო ტურაშვილის „წამოცდენის“ მიუხედავად, ნამდვილად იმსახურებს გაბრაზებას.

ორმაგი სტანდარტები უკვე გვაჩვენა ახალმა ხელისუფლებამაც. განსხვავებული მოლოდინის საფუძველი, წინასაარჩევნო რიტორიკიდან გამომდინარე, არც გვქონდა.

როდესაც პოლიტიკოსები შერჩევითად უდგებიან ადამიანის უფლებებს, რა გასაკვირია, რომ სიტყვები „უფლებების დაცვა“ ადამიანებისთვის ძველებურად ასოცირდება მხოლოდ „თავისიანთან“, საკუთარი ჯგუფის ინტერესებთან.

ერთი შეხედვით, ბევრი ვისაუბრეთ ქვეყნის მრავალეთნიკურობაზე და თითოეული მოქალაქის თანასწორობაზე. მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად გასაგებია პრაგმატული მიზეზები, თუ რატომ სჭირდება რეალური ტოლერანტობა და ერთიანობა. გაუაზრებელია, მაგალითად, რა როლი ჰქონდა ქსენოფობიას ტერიტორიების კარგვაში ან რა გეოპოლიტიკურ საფრთხეებს გვიქმნის სამომავლოდ.

მედია თითქმის არ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, მათი პრობლემების, ყოველდღიურობის შესახებ.

სამაგიეროდ, უზარმაზარი რესურსი იხარჯება უმცირესობების შავ პიარზე. საკუთარი პოზიციების შესუსტებით შეშინებული ინტერესთა ჯგუფები - განსაკუთრებით, საბჭოთა ელიტა - მუდმივად მუშაობენ უმცირესობებისგან „საფრთხობელის“ შექმნაზე. უცხოს შიშის გამოყენება მათთვის ოპონენტებთან ბრძოლის („იმიტომ მებრძვის, რომ სომეხია“) და თავდაცვის („მე ვარ ნაღდი ქართველი და შეგინარჩუნებთ ეროვნულობას“) მთავარი საშუალებაა.

როდესაც ქსენოფობი საკუთარ შეხედულებებს ვერ მალავს, ეს უკვე მცირე გამარჯვებაა. უკეთესია, ვიდრე ქსენოფობი, რომელიც თან გიყვება, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც გვერდიგვერდ დგას მეჩეთი და სინაგოგა, ერთ ეზოში ცხოვრობენ ქართველები და სომხები და ქურთი მეეზოვე, რომელიც გვის ქართლის დედის კაბის ძირში.

ქსენოფობების „ქამინგ აუთი“ თინეიჯერის სახეზე ჩირქის ამოჭყლეტასავითაა; ისეთივე საზიზღარი, მაგრამ გარდაუვალი.

თუმცა ზოგიერთი ქსენოფობის თვითლუსტრირება თავისთავად პრობლემას ვერ მოაგვარებს. „ამოჭყლეტილებს“ ნაკლები ხელჩასაჭიდი აქვთ, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე ავტომატურად უარს არ იტყვიან. რამდენად მოხერხდება მორიდებული თუ ღია ქსენოფობების კამათში დამარცხება, პირდაპირ არის დამოკიდებული საჯარო განხილვებში ჩართული მხარეების - მედიის, ხელოვანების, მეცნიერების თუ პოლიტიკოსების - მონდომებაზე.

ერთი რამე ცალსახაა - დროა ამ საკითხშიც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ადამიანები, რომლებიც მძვინვარე ქსენოფობებს მორჩილად შესციცინებენ თვალებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი „დამსახურებული მოღვაწეები“ არიან, ქსენოფობიას ვერ დაამარცხებენ. ეს საქმე სხვანაირი ხალხის საკეთებელია.

კომენტარები