ფილმის რევიუ

მშვიდი ცინიზმი

შეფასება: 4/5

2007 წელს ენდრიუ დომინიკის „უცნაური“ ვესტერნი გამოვიდა, რომელმაც კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ნაწილი თვლიდა, რომ ნამუშევარი ზედმეტად გაწელილი და მოსაწყენი იყო, მეორე ნაწილი დომინიკის რეჟისორულ ორიგინალურობასა და მრავალფეროვან შესაძლებლობებზე ალაპარაკდა. ჩემი აზრით კი, „როგორ მოკლა მხდალმა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი“ სწორედ თავისი მონოტონური ტონისა და გაწელილი ეპიზოდების გამოა ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი. დომინიკმა მოახერხა და ერთი შეხედვით მოსაწყენ ფილმში, ნიქ ქეივისა და უორენ ელისის მუსიკა, როჯერ დიკინსის ოპერატორული ნამუშევარი, ბრეტ პიტ/ქეისი აფლეკის სამსახიობო ოსტატობა გააერთიანა და პრეტენზიული მაყურებლისთვის, პრეტენზიული კინო გადაიღო.

ჯესი ჯეიმსის ისტორიის შემდეგ, „მოკალი მშვიდად“ რეჟისორის პირველი ნამუშევარია. ენდრიუ დომინიკმა წინა ფილმისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი გადაიღო. ფილმის ლოკაცია 2008 წლის ამერიკაა, წინასაპრეზიდენტო ციებ-ცხელებაში გახვეული ქვეყანა და ქარიშხალგადატანილი ქალაქი ნიუ ორლეანი. ჯონი ამატო ორ ახალგაზრდას დაიქირავებს, ფრენკიმ და რასელმა მარკი ტრეტმენის (რეი ლიოტა) მიწისქვეშა კარტის კლუბი უნდა დააყაჩაღონ. რაც მთავარია, ჯონის გეგმა „იდეალურია“, რადგან მარკიმ ადრე, სავარაუდოდ, თვითონ გაძარცვა საკუთარი კლუბის წევრები და ახლაც ეჭვი სწორედ მასზე ექნებათ. დაყაჩაღება წარმატებით ჩაივლის, პრობლემა ისაა, რომ ამ ბიზნესს კრიმინალური ავტორიტეტი მფარველობდა, რომლის ეკონომიკაც ამ დარტყმამ „კრიზისში ჩააგდო“. ის თავის ნდობით აღჭურვილ პირს (რიჩარდ ჯენკინს) ავალებს, საჭირო ხალხის მეშვეობით დამნაშავეები სამაგალითოდ დასაჯოს, ყველაზე ცნობილი დამსჯელი კი ჯეკი ქუგანია (ბრედ პიტი).

ქილერი, ჯეკი ქუგანი ფილმის მოტორია, ბრედ პიტის ცინიზმნარევი, გაწონასწორებული ხმა ძალიან დამაჯერებელია. მას აქვს უნარი, ყველაზე ცივსისხლიანი გადაწყვეტილებაც კი მშვიდად მიიღოს. ის უპრობლემოდ პოულობს დამნაშავეებს და ნაცნობ დაქირავებულ მკვლელ მიკისთან (ჯეიმს გენდოლფინი) ერთად მათ დასჯას იწყებს. ერთი შეხედვით, სცენარი ბანალურია და ეს მართლაც ასეა, თუმცა ისევე, როგორც წინა ფილმის შემთხვევაში, აქაც ენდრიუ დომინიკი თავისი რეჟისორული ხედვის წყალობით ნამუშევარს სანახაობრივს ხდის. მან უარი თქვა ხმაურიან სროლის სცენებზე, კრიმინალური ფილმებისთვის დამახასიათებელ დევნის ეპიზოდებზე. ფილმი საოცრად მშვიდია, ოღონდ ეს სიმშვიდე ძალადობითა და დაუსრულებელი დიალოგებითა სავსე, რომლის თითოეული დეტალიც ზუსტადაა გათვლილი და რეალობის შესაშურ განცდას იწვევს. მოქმედება უმეტესად მანქანაში ან მაგიდასთან ვითარდება. მინიმალისტურად გადაღებულ ეპიზოდებს ხანდახან შენელებული კადრები ანაცვლებს, რომელიც ფილმზე მხოლოდ დადებით ეფექტს ახდენს. აქ არ არიან ცუდი და კარგი პერსონაჟები. აქ არის მიკი - ოდესღაც წარმატებული ქილერი, დღეს კი განქორწინების მოლოდინში მყოფი ლოთი, რომელიც ხანდახან ზიზღს, უფრო ხშირად კი სიბრალულს იწვევს. აქ არიან რასელი და მარკი, დაბნეული, მშიშარა ტიპები. მათ ყველას კი ჯეკი შორიდან უყურებს, მან იცის, რომ ადამიანური ემოციები მეორეხარისხოვანია და ბიზნესი ყველაზე წინ დგას.

განადგურებული ნიუ ორლეანის პანორამები, უკანა ფონზე შიგადაშიგ პრეზიდენტობის კანდიდატის ბარაკ ობამას მონოლოგები ამერიკელი ხალხის ერთობაზე, ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებსა და ცვლილებების იმედზე - ამ ყველაფერს ენდრიუ დომინიკი ერთმანეთში ურევს და გემოვნებიანი სარკაზმით აფორმებს. ის დასცინის კრიზისს. როცა პატარა განგსტერი რამდენიმე ადამიანს იმის გამო კლავს, რომ 40-50 ათასი დოლარი დაკარგა, ის ჯეკ ქუგანის პირით დასცინის ამერიკელი ხალხის ერთობას, რომელსაც ტომას ჯეფერსონის მითიურ ქმნილებას უწოდებს და ფიქრობს, რომ ლამაზი სიტყვების უკან არაფერია, თუ არა ჯეფერსონის ბოროტი ხუმრობა. მან ყველაზე კარგად იცის, რომ ამერიკა ქვეყანა არაა, ის ბიზნესია, სადაც ყველა თავისთვისაა და შენ ყოველთვის შენსას მოითხოვ. ენდრიუ დომინიკი კი, სიტყვებით „Now fuckin' pay me“, ამ ფილმისთვის, სრულიად დამსახურებულად, ჩვენს აპლოდისმენტებს მოითხოვს.

 

კომენტარები