ფილმის რევიუ

კოტე კალანდაძის Teen Spirit

ფილმის სიუჟეტი ასეთია: 90-იანები. თბილისი. ერთი ჩვეულებრივი დღე თენდება. მუსიკოსებს დღის ბოლოს კონცერტი აქვთ დაგეგმილი. მართალია, ჯგუფის წევრებიდან ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს – მუსიკა. ისევე როგორც ფილმის, იმ დღის მთავარი პერსონაჟიც კოტე კალანდაძეა.

მუსიკოსმა კოტე კალანდაძემ უბიუჯეტო ფილმის გადაღება დაასრულა. Teen Spirit – ასეთია სურათის სათაური, ნირვანას ცნობილი სიმღერიდან „Smells Like a Teen Spirit”, ცოტა ეპატაჟური და სიმბოლური, ალტერნატიული მუსიკის მოყვარულთათვის და, როგორც ამბობს, „მეამბოხე სულებისათვის” – ერთადერთი ვარ, ვინც ფილმში თავის თავს „თამაშობს”, თუმცა სხვა პერსონაჟებიც მუსიკოსები არიან. ეს არ არის კლასიკური კინო. ამ სფეროში განათლება არ გვქონია და, ვფიქრობ, უკეთესიცაა. სხვაგვარად ასეთი ექსპერიმენტული და არასტანდარტული ნამუშევარი ვერ გამოვიდოდა”.

როგორ მოირგო მუსიკოსმა კოტე კალანდაძემ რეჟისორის ამპლუა? მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მუსიკოსთან ერთად რეჟისორიც ვყოფილიყავიო – „მას შემდეგ, რაც ჩემი ძალები ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ უკვე შემიძლია ფილმი გადავიღო, დავიწყე კიდეც. გადაღებები 2011 წლის ზაფხულში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობა 10 წლის წინ დავწერე, ხოლო რეალური „სთორი” კიდევ უფრო ძველია (98-99წწ.)”.

მოთხრობის და შემდგომ ფილმად მისი გადაღების ინსპირაცია რეალობამ განაპირობა. რეალობა, რომელიც 90-იანი წლების „ნონკონფორმისტული” მუსიკალური მოძრაობებით გამოირჩეოდა; სადაც გაიზარდა და მუსიკოსად ჩამოყალიბდა – „შევეცადე ფურცელზე მხატვრულად გადმომეცა ის, რაც 90-იან წლებში, მუსიკოსების ცხოვრებას ასახავდა. ყველაფერი კი ერთი დღის ამბით გაერთიანდა, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს გადაგვხდა თავს”.

კოტე კალანდაძე 1995 წლიდან მუსიკაშია. ჰყავდა საკუთარი ბენდები. უკრავდა ჯგუფებში – ამორალში და კონტრაბანდაში – ამერიკული ალტერნატივაც მოსინჯა. მას კარგად იცნობენ რუსულენოვანი პოსტროკ მუსიკალური პროექტიდანაც Небо СССР. დღესდღეობით კი ორკაციანი ჯგუფი ჰყავს, რომელსაც Lady Heroine ჰქვია. მართალია, ერთი წელია გადაღებების გამო მუსიკალური ტაიმაუტი აქვს, თუმცა, რეჟისორი/მუსიკოსი თავისი ფილმისთვის თავად წერს მუსიკას.

„ფული არ მქონდა. პრინციპში დიდად არც ვცდილობდი მომეძია, ვინაიდან ჩემი სახელი კინოსფეროში არ არის ცნობილი. აქამდე მხოლოდ ხმის რეჟისორად მიმუშავია. იმედი არ მქონდა, რომ დაფინანსებით ვინმე დაინტერესდებოდა. გვერდში დავიყენე ისეთი ადამიანები, ვისაც ენთუზიაზმზე მუშაობა შეეძლო, ძირითადად მეგობრები და ნაცნობები, ვინც იდეითა და სიუჟეტით დაინტერესდა”.

ნათხოვარი კამერითა და განათებით, 5-კაციანმა გადამღებმა ჯგუფმა 2011 წლის ზაფხულში დაწყებული გადაღებები, რამდენიმე კვირის წინ დაასრულა. „როგორც ხდება ხოლმე, ესეც თბილისურად გამოვიდა. დამეხმარა კონტროლ სტუდიო, მეჯიქ სტუდიო და, ბოლოს, პოსტ ფროდაქშენში – ამერიკის საელჩო, რომლებმაც თავიანთი რესურსები შეგვაშველეს”.

ფილმს ბიუჯეტი რომ ჰქონოდა, ამით რა შეიცვლებოდა?

ბიუჯეტი რომ გვქონოდა, ალბათ უკეთესი ხარისხი გამოვიდოდა. ამ დროს უკვე ფუფუნებაა, როცა „კრანის” და „რელსების” ქირაობა შეგიძლია. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ უფულობის ფაქტორს კარგი მხარეც აქვს. ყველას უნდოდა კარგი გამოსულიყო. ამ დადებითმა ენერგეტიკამ, ფილმი ბოლომდე მიგვაყვანინა. მართალია, მეორედ უფულოდ არასდროს გადავიღებ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ.

როგორ ფიქრობ, რას მოგიტანს Teen Spirit?

ზუსტად ვიცი, რომ მაყურებელი ამით რაღაც ახალს ნახავს. მინდა, რომ ქართული კინოს სტერეოტიპი შეიცვალოს და ტენდენცია – ასეთი უნდა იყოს ან ისეთი –- უბრალოდ აღარ არსებობდეს. ამას ხომ რამდენიმე კაცი კი არა, საზოგადოება წყვეტს.

P.S. „ძველი” თემებითა და „ახალი მეამბოხე სულით” Teen Spirit, 15 მარტისთვის რუსთაველის კინოთეატრის დიდ ეკრანზე გასაშვებად ემზადება.

კომენტარები