მინისტრთა კაბინეტი

ირაკლი ალასანია: საქართველოს ისედაც მცირე არმია ჰყავს

რამდენიმე დღეა, რაც მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდექით. ამ დროისთვის, რა მიგაჩნიათ უწყებაში და შეიარაღებულ ძალებში ყველაზე დიდ პრობლემებად?

 

ჩემთვის ეს სფერო უცხო არ არის, ამიტომაც ამ დღეების განმავლობაში აქ თავი უცხოდ არ მიგრძვნია. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა პირად შემადგენლობასთან, როგორც უწყების სამოქალაქო ნაწილში, ასევე გაერთიანებულ შტაბში. ადამიანური რესურსები არის და ისინი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ერთი ადამიანიც დავკარგოთ.

მაგრამ, პირველი, რაც თვალშისაცემია, ისაა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ფინანსური დისციპლინა. არ არსებობდა სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. ყურადღებით არის შესასწავლი ფინანსური ოპერაციები, შესყიდვების მიზნობრიობა და სწორედ ასე უნდა დავგეგმოთ მომავალში ჩვენი ფისკალური პოლიტიკაც უწყებაში.

ძალიან ხშირი იყო ღირსების შემლახველი დამოკიდებულება ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან თანამშრომლების მიმართ. ასეთი ფაქტები სხვადასხვა საჯარისო ნაწილებშიც იყო. ჩვენ ამ ფაქტებს დეტალურად შევისწავლით. სამწუხაროდ, ეს იყო დახურული სისტემა მედიისთვის, საზოგადოებისთვის, ეს თვისობრივად უნდა შეიცვალოს. ამიტომაც, სამოქალაქო კონტროლი, საპარლამენტო ზედამხედველობა იქნება ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი საზოგადოების ხელში, რომ არ მოხდეს სისტემის ჩაკეტვა და არ იყოს ასეთი პოლიტიზირებული სამინისტროები.

ძალიან ბევრი ადამიანი დაითხოვეს თავდაცვის სამინისტროდან, შეიარაღებული ძალებიდან, ვინც სათანადო ლოიალობა ვერ დაუდასტურა ნაციონალურ მოძრაობას, წინა მთავრობას. არა მხოლოდ დათხოვნებს, არამედ დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი. თქვენ გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ პროტესტი გამოვთქვი ერთი ადამიანის - სერგო თეთრაძის წამებით მკვლელობასთან დაკავშირებით, რასთანაც შეხება ჰქონდათ სწორედ ამ სამინისტროს მაღალჩინოსნებს. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ წინა მთავრობა საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებს თვითნებობისა და თავგასულობის საშუალებას აძლევდა. ეს ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ეფექტური საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები ამუშავდება. მე მხარი დავუჭირე სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეას - იგი პირდაპირ იქნება ვალდებული, შეისწავლოს და აღმოფხვრას პატივისა და ღირსების შემლახავი ყველა პრაქტიკა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობდა. ასევე, იქნება მედიატორ-მომლაპარაკებელი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის, თუკი შეიარაღებულ ძალებში შეიქმნება ადამიანის უფლებების კუთხით ან სხვა პრობლემები.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში, ასევე სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია უნდა შემუშავდეს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გადაიხედება ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელიც გასულ წელს მიიღეს და რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეებად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსული აგრესიის საშიშროებას განსაზღვრავს?

არ მგონია, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რაიმე ფუნდამენტური ცვლილება მოხდეს. მაგრამ, ბუნებრივია, გადახედვა აუცილებელია. ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს საკუთარი გამოცდილება და ამბიცია იმისი, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ბევრად უკეთესად იყოს უზრუნველყოფილი, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს.

აქედან გამომდინარე, დოკუმენტი გადაიხედება, მაგრამ არ ვგეგმავთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პრინციპულ საკითხებზე. მაგალითად, როგორც უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიმართულებები, უსაფრთხოება, სად დევს საქართველოს საყრდენები რეგიონში და მსოფლიოში.

ჩემი, როგორც თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი შემქმნელის გადმოსახედიდან, აუცილებლად უნდა შეიცვალოს სამხედრო დოქტრინა. ის უნდა დავაფუძნოთ ბოლო 20 წლის წარმატებებისა და წარუმატებლობების ანალიზზე, რაც საქართველოს სამხედრო ცხოვრებამ გვაჩვენა. უნდა გაანალიზდეს, რით იყო გამოწვეული წარუმატებლობები, მათ შორის, ტაქტიკური, საბრძოლო მოქმედებების წარმოების დროს, ასევე სტრატეგიული, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მინდა, შევქმნათ საქართველოს თავდაცვის ახალი ხედვა. ღმერთის წყალობით, ეს ადამიანები, ვინც 20 წლის განმავლობაში ჩვენი წარმატება-წარუმატებლობების მონაწილეები იყვნენ, ცოცხლები არიან. ეს არის გამოცდილების ოქროს ფონდი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

ჩემი ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა. ჩემი ამოცანაა ყველაფერს სწორი ანალიზი გავუკეთოთ, რათა მომავალში ასეთი სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომები აღარ დავუშვათ.  

რაც შეეხება თავდაცვის დოქტრინას. ჩემი აზრით, საქართველოს თავდაცვა ბუნებრივად მორგებული იქნება იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოს წინაშე დგას. ამაში ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ, ვთვლი, თავიდან უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ უნდა გვყავდეს პროფესიული არმია, რომელიც ძალიან მობილური და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების მქონე იქნება. შესაბამისად, საბრძოლო-სამხედრო ტექნიკაც ამ ამოცანაზე უნდა იყოს გათვლილი და მინდა, გავაფართოოთ სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობები. ასევე უნდა შევქმნათ ძალიან ეფექტური, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაც ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. რაც შეეხება ღირებულებებს, ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება არის ჯარისკაცი, მეომარი და მისთვის ყველა შესაძლებლობის შექმნა, რათა საკუთარი ქვეყანა დაიცვას და იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის გარანტირებული სახელმწიფოს მხრიდან.

რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ საუბრობდით სწორედ იმის შესახებ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალები უნდა იყოს მცირე და მობილური. თქვენ აქცენტს აკეთებდით მათ რიცხოვნობაზე, რომელიც დღეს 30 ათასს შეადგენს და ამბობდით, რომ ის შესაძლოა შეიცვალოს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახალ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შეიარაღებული ძალების შემცირება?

მცირე იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც საგანგებო შეკვეცა ან შემცირება იგეგმება. ეს ფარდობითია, ჩინეთთან შედარებით, რა თქმა უნდა, გვეყოლება მცირერიცხოვანი არმია...

სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებითაც...

ჩვენი არმია ისედაც მცირეა. თუმცა, გავითვალისწინებთ, პირველ რიგში, ჩვენი სამხედროებისა და ოფიცრების რჩევას - თუ რა სჭირდებათ, რა რიცხოვნობა იქნება საჭირო თავდაცვითი ამოცანის შესასრულებლად. შემცირება აქ არ იგულისხმება. იგულისხმება, რომ გვეყოლება მობილური, მანევრირების შესაძლებლობების მქონე არმია და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები.

ამავე ინტერვიუში თქვენ აქცენტს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეებზე აკეთებთ. ნიშნავს თუ არა ეს შეიარაღებული ძალების რაიმე თვისობრივ, სტრუქტურულ გადახალისებას?

პირველ რიგში, ეს არ არის ჩვენთვის მთავარი საფრთხეები. ეს არის საფრთხეები რეგიონისა და მსოფლიოსთვის, ჩვენ ანტიტერორისტული, უსაფრთხოების ოპერაციის თანამონაწილე ვართ. სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც. მაგრამ მთავარი საფრთხე ჩვენთვის, ბუნებრივია, ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარისა და უკანონო შენაერთების მიერ. და, აქედან გამომდინარე, მშვიდობის შენარჩუნება და მომავალი შესაძლო სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა. მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება ის, რომ მუდმივად ვიყოთ მზად საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის და ომისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე.

ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იქნება სწორედ საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, რათა შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა მტერი შეაკავოს, თუკი ის ჩვენს ტერიტორიებზე შემოჭრას დაგეგმავს.

მეორე - ჩვენ უნდა გყავდეს ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელიც მიაყენებს მაქსიმალურ ზიანს შემოსულ მტერს, რათა მან რეალურად დაინახოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მისთვის და მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი ტვირთი  იქნება და მძიმე დანაკარგების ფასად დაუჯდება.

მესამე - ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მონიტორინგი. ევროკავშირის მისიას მადლობას ვუხდით მონიტორინგის წარმოებისთვის და ხელს შევუწყობთ, რომ მათი მანდატი სრულფასოვნად შესრულდეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გავრცელდეს. ეს არის საფრთხეები, რის წინაშეც ვდგავართ და, აქედან გამომდინარე, ჩვენი თავდაცვითი დოქტრინა ამაზე იქნება მორგებული.

 

როგორ ხედავთ ავღანეთის მისიის გაგრძელებას? თქვით, რომ ქართველი სამხედროების მონაწილეობა ISAF-ის ოპერაციაში გაგრძელდება. მაგრამ გაგრძელდება იმავე, თუ რაიმე განსხვავებული ფორმით? იქნება ეს ისევ ორი ბატალიონი, ისევ ჰელმანდის პროვინციაში, თუ შესაძლებელია ფორმატი გადაიხედოს?

პირველ რიგში, ვალდებულება, რომელიც საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო, პირნათლად უნდა შესრულდეს და ამას მთავრობის ცვლილებები არ უნდა ეხებოდეს. ბუნებრივია, სანამ მისია ამოიწურება, ჩვენ მასში მონაწილეობას გავაგრძელებთ. სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით, სად და როგორ გააგრძელებენ ქართული ქვედანაყოფები მოქმედებებს, რომელ თეატრსა და არეალში, ეს სამხედროების გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუმცა, როგორც ვიცი, ეს არ იგეგმება უახლოესი პერიოდის განმავლობაში.

სამხედრო კონტინგენტის გაზრდაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ მისია და ჩვენი ბიჭები დავუბრუნოთ სამშობლოს. თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს წინა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შესთავაზა აშშ-სა და NATO-ს, გაგვეგრძელებინა გარკვეულ ფორმატში მონაწილეობა ავღანეთის მისიაში 2014 წლის შემდეგაც. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც წინა ხელისუფლებას ჯერ არ ჰქონდა მიღებული. ამისთვის ჯერ გვაქვს დრო. ბიძინა ივანიშვილი, თავის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად, ჩამოყალიბდება და ამ საკითხზე პოზიციას შეიმუშავებს.

საქართველოში ჰილარი კლინტონის ბოლო ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუწევს. კერძოდ, ითქვა, რომ პენტაგონი ამ ეტაპზე დაგვეხმარება საჰაერო სივრცის დაცვაში და სატრანსპორტო შვეულმფრენების პარკის განახლებაში. თქვენი აზრით, ეს პრიორიტეტები სწორად შეფასდა, თუ საჭიროა მათი გადახედვა და აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებებში ცვლილებების შეტანა?

ეს სწორი მიმართულებებია, ეს ისაა, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას სჭირდება. მაგრამ, მე ვვარაუდობ, რომ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის არეალი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. თქვენ იცით, რომ ეს თემა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაბლოკილი იყო. გარკვეულწილად, სააკაშვილის იმპულსურობამ და წინდაუხედაობამ შეაკავა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ სხვა პარტნიორებთანაც. დღეს მათ დაინახეს, რომ ქართველებმა შევძელით, ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა განგვეხორციელებინა, ხელისუფლებაში კი პოლიტიკურად სტაბილური გუნდი მოვიდა.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე კრიტიკულად და ირონიითაც მოიხსენიებდა წინა მთავრობის მცდელობებს, ქვეყანაში სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის წარმოება აეწყო. თქვენ რას ფიქრობთ ამ სფეროს შესახებ? გააგრძელებთ თუ არა მუშაობას ამ მიმართულებით?  

ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ სამუშაო ადგილები საქართველოში. წინა მთავრობა მათ ქმნიდა დასაქმების სამინისტროს შექმნით, რამაც, რა თქმა უნდა, უმუშევრობის პრობლემა ვერ მოაგვარა. ამიტომაც, ჩვენს ამოცანას წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების, მათ შორის, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის სტიმულირება და ხელშეწყობა. ჯერჯერობით, იდეების დონეზე, ვიცი, რომ ასეთი პოტენციალი არსებობს. სამხედრო მანქანა, რომელსაც თქვენ გულისხმობდით (ივანიშვილის განცხადება „ტანკ ლაზიკის“  შესახებ), გასაღდა, როგორც მზა პროდუქტი. მაგრამ ის ახლა საცდელ ვადას გადის და მდგრადობაც არ არის ბოლომდე შეფასებული. ამიტომ პროფესიონალების შეფასებას დაველოდებით. მაგრამ, ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ეს პოტენციალი უნდა იქნას გამოყენებული.

რას უპირებთ  გაწვევას და  სარეზერვო სისტემას? სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას შეამცირებთ?

საუბარია სავალდებულო სამსახურის ვადის ეტაპობრივ შემცირებაზე. საბოლოოდ, ჩვენ უნდა გადავიდეთ მთლიანად პროფესიულ საკონტრაქტო არმიაზე, ჯერჯერობით იქნება შერეული სისტემა. გაწვევა პირველ ეტაპზე შემცირდება 12 თვემდე, დღეს მაქსიმალური ვადა 18 თვეა. სავარაუდოდ, შემდეგ ის კიდევ უფრო შემცირდება. ეს, ბუნებრივია, სამხედრო სპეციალისტების მიერ იქნება გათვლილი.

რაც შეეხება რეზერვს. ის უნდა იყოს კარგად ორგანიზებული, სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე, რაც შეიძლება დაგვჭირდეს სტიქიური უბედურებების დროს თუ სამხედრო მიზნებისთვის. ასევე, რეზერვისტებმა ზუსტად უნდა იცოდნენ თავიანთი ამოცანა, რაც საქართველოში აქამდე ვერ მოხერხდა და რეზერვის შექმნის ორივე მცდელობა სრული კრახით დასრულდა. წინა ხელისუფლებას რეზერვის რაიმე კონცეფცია არ გააჩნდა. დღეს არსებული სისტემა, ბუნებრივია, გადაიხედება და შეიცვლება.

კომენტარები