მინისტრთა კაბინეტი

პრეზიდენტმა ახალი მინისტრები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრები თავიანთ უწყებებში წარადგინა.

თავდაპირველად პრეზიდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვია და სამინისტროს თანამშრომლებთან, მინისტრის ხატია დეკანოიძის წარსულ გამოცდილებაზე ისაუბრა. "კარგია, რომ ხატიას აქვს დიპლომატიური გამოცდილება. ის ამერიკაში მუშაობდა რამდენიმე წელიწადი, ძალიან ცუდ დროში. პოლიციის აკადემია ნულიდან ააწყო და პოლიციის აკადემია პოლიციური დაწესებულება არ არის - საგანმანათლებლო დაწესებულებაა", - აღნიშნა პრეზიდენტმა და ახალ მინისტრს რეფორმების გატარება განათლების სამინისტროშიც მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა საგამოცდო სისტემაში მიმდინარე რეფორმაზეც ისაუბრა და   განაცხადა, რომ სისტემის მინუსები მისთვისაც თვალშისაცემი გახდა. "კერძოდ ის, რომ რეალურად ერთიანი გამოცდა სკოლისგან განსხვავებული პროგრამით ტარდება, პრობლემა იქნება, რომ ბავშვებს რეპეტიტორები სჭირდებათ და ეს სოციალური უსამართლობაა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა გამოცდების ეროვნული ცენტრის მუშაობის გამო.  "გამოცდების ცენტრი, სადაც 8 000, 10 000 და 15 000 ლარი ჰქონდათ ხელფასი, კანტორა იყო, გაიღებოდა წელიწადში ერთი თვე, ჩაატარებდნენ გამოცდებს და მერე 11 თვე იღებდნენ თავის 15 000-ს ლარს ხელფასებს და კარგად იყვნენ მხართეძოზე წამოწოლილი. ჩემზე სამჯერ მეტ ხელფასებს იღებდნენ, არაფრის კეთებაში. ეს იყო სოციალური სამართლიანობა?!" - განაცხადა სააკაშვილმა.

განათლების სამინისტროდან პრეზიდენტმა თავდაცვის უწყებაში გადაინაცვლა, სადაც თანამშრომლებს ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარუდგინა.

მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების იდეას "სულელური" უწოდა და დაამატა  - "ის, რომ საქართველოს ყველა კატეგორიის მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვაში ჩართული და ეს არ უნდა იყოს მარტო ერთი, ცალკე აღებული პროფესიონალის პრივილეგია, არის ორჯერ ორი რომ ოთხია". ამასთან, პრეზიდენტმა სარეზერვო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველამ იცოდეს "თავისი სოფლის, უბნის, დაბის, ქალაქის, რაიონის დაცვა".  

ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას წარდგენისას კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აქვს პრეტენზია, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პოლიცია ჰყავს. ახალი მინისტრის დახასიათებისას კი აღნიშნა, რომ მას როგორც ძალიან ბევრი მომხრე, ისე ბევრი მტერი ჰყავს.

თუმცა, აქვე დასძინა, რომ  პოლიცია კარგად აწყობილი სტრუქტურაა და პირადად ახალი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ინიციატივა იყო, რომ ბაჩო ახალაია ყოფილიყო მისი ხელმძღვანელი.

 

კომენტარები