სტიქია

ნიუ იორკი „სენდის“ დასახვედრად ემზადება

ნიუ იორკი ქარიშხალ „სენდის“ დასახვედრად თითქმის მზადაა. პირველად მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, არ მუშაობს ბირჟები, ასევე დაკეტილია მეტრო. რამდენიმე შტატში დაიხურა სკოლები, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ ხორციელდება ავიარეისები. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მერილენდში, პენსილვანიაში, ნიუ იორკში, ვირჯინიაში, ვაშინგტონსა და ჩრდილოეთ კაროლინაში.

„სენდი“ შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი აღმოჩნდეს მათ შორის, რაც აშშ-ში ახსოვთ. კარიბის ზღვის აუზის რაიონში მან უკვე შეიწირა სამოცამდე ადამიანი. მას უკვე „ფრანკენშტორმსაც“ კი უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობასთან ერთად, ქარიშხალი უფრო მეტ ძალას იკრებს, ბოლო საათებში მისი სიჩქარე საათში 120 კმ-დან 140 კმ-მდე გაიზარდა. „სენდი“ აღმოსავლეთის შტატებს თავს ადგილობრივი დროით სამშაბათს, საღამოს საათებში დაატყდება. ქარიშხალთან ერთად, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე საშიშ წყალდიდობასაც ელოდებიან.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო კამპანია „სენდის“ გამო უკვე შეწყვიტა. მან აღმოსავლეთ სანაპიროს მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ გაფრთხილებას ძალიან სერიოზულად მოეკიდონ. ნიუ იორკის მერმა კი უკვე გასცა 400 000-მდე ადამიანის ევაკუირების ბრძანება იმ რაიონებიდან, რომლებშიც წყალდიდობის რისკი ყველაზე მაღალია. „თუ არ დატოვებთ სახლებს, საფრთხეში ჩააგდებთ არა მხოლოდ თქვენს, არამედ იმ მაშველების სიცოცხლესაც, რომლებიც გადასარჩენად მოვლენ“, - განაცხადა მაიკლ ბლუმბერგმა.

ქარიშხალმა უკვე დატბორა სანაპირო ზოლი. ნიუ ჯერსის შტატში ტალღების სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. ახლახან ნიუ იორკის გუბერნატორმა ქალაქის ორი მთავარი გვირაბის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. წყალდიდობის საშიშროებიდან გამომდინარე, გვირაბი ჰოლანდი, რომელიც მანჰეტენსა და ნიუ ჯერსის აკავშირებს, ასევე ბრუკლინ-ბეტერის გვირაბი, დროებით გადაიკეტება. 

ექსპერტების აზრით, „სენდი“ აშშ-ს მრავალმილიარდიან ზარალს მოუტანს.

კომენტარები