საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს და დავით უსუფაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად არჩევას. მართალია, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთის წყალობით პრობლემები დაიძლევა. თორმეტი წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო; და ახლაც, როდესაც ქვეყნის უღელი დაიდგით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ. ეს არის თქვენი არჩევანი, პირადი კეთილდღეობის უგულვებელყოფით გაკეთებული არჩევანი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი. უფალმა შეგაძლებინოთ ერის ჯვრის მშვიდობით ტვირთვა და ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი; სადაც სამართლიანობის კეთილგონიერების, შორსმჭვრეტელობისა და შემწყნარებლობის პირობებში ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო აშენდება". - ნათქვამია ივანიშვილისადმი პატრიარქის მისალოც ტექსტში.

დავით უსუფაშვილისადმი მილოცვაში კი ილია მეორე აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევით უსუფაშვილის მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა დაგვირგვინდა.

"თქვენი ცოდნა და გამოცდილება, თქვენი გონიერება და სიდინჯე, ვფიქრობთ, დიდად წაადგება საქართველოს ამ ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობით სავსე პერიოდის დაძლევაში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი და მოგცეთ ძალა ღვთისა და ქვეყნის წინაშე ერთგული და თავდაუზოგავი მსახურებისათვის." – აღნიშნულია პატრიარქის უსუფაშვილისადმი მიმართვაში.

 

კომენტარები