მასმედია

საია ПИК-ის გარშემო შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რუსულენოვანი ტელეკომპანია ПИК-ის მიერ სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის მიზანშეწონილობით უნდა დაინტერესდეს. ამის შესახებ საიას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც საია ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დოკუმენტები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე ტელეკომპანია ПИК-ის ხელმძღვანელობის მიმართ.

13 ოქტომბერს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ეთერში „მდუმარე“ საინფორმაციო გამოშვება გაუშვეს. ПИК-ის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ ტელეკომპანიას მოულოდნელად ფინანსური პრობლემები შეექმნა, მისი სიგნალი კი თანამგზავრიდან გაითიშა. პაშუხისმგებლობას ამ ვითარებაზე ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებდნენ, რომელიც ПИК-ის დამკვეთს წარმოადგენს და განმარტებებს ისინმი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებისგან მოითხოვდნენ.

ამის საპასუხიდ, 16 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ПИК-ის ხელმძღვანელობას წერილობით აცნობა, რომ აჩერებს ПИК-თან კონტრაქტის მოქმედებას ПИК-ის მხრიდან მისი დაღვევის მოტივით. კერძოდ, „მდუმარე“ საიონფირმაციო გამოშვების ეთერში გაშვებისა და არხის თანამგზავრზე თვითნებურად ჩართვის გამო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ არხის მაუწყებლობა შეჩერდა.

ამავე დროს, როგორც საია თავის განცხადებაში აღნიშნავს, ПИК-ის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ფარულავას კორესპონდენციით დგინდება, რომ სწორედ ტელეკომპანია ПИК-ის მოთხოვნით შეჩერდა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის.

განცხადებაში მითითებულია, რომ გაურკვევლობის ფონზე იქმნება საშიშროება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებას. ის ვალდებულია ეთერის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით. ამავე დროს პროგრამებში უნდა ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება, - ნათქვამია განცხადებაში.

საიას ინფორმაციით, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ПИК-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთობის გამწვავება უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც, რის გამოც მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდეს მხარეთა მიერ სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის მიზანშეწონილობით.

ამავე დროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ასევე ტელეკომპანია ПИК-ის ხელმძღვანელობამ „მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ რუსულენოვანი არხის გარშემო წარმოქმნილ გაუგებრობაში. საია-ში აცხადებენ, რომ აუცილებელია, მხარეებმა მაუწყებლობის შეფერხების გარეშე მოაგვარონ ურთიერთობები იმგვარად, რომ არ მოხდეს მაყურებლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა.

საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს მხარეებს შორის გამართულ დისკუსიებში.

 

კომენტარები