მასმედია

ჩხარტიშვილი მედიაბიზნესში ბრუნდება

დღეს, თბილისი მარიოტში ვანო ჩხარტიშვილის პრესმდივანმა გიორგი გიორგაძემ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს ბიზნესგეგმის საგანგებო  განცხადება გააცნო. ჩხარტიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს და მას ზეწოლაში ადანაშაულებს.

 "პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებული გავხდი ტელეკომპანია "მზე" სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური საფრთხის წინაშე დავდექი არა მარტო მე, არამედ - ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და ბიზნეს-სტრუქტურების ასობით თანამშრომელი," - ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.

ტელეკომპანიის დაბრუნებას ჩხარტიშვილი სასამართლოს გზით აპირებს. განცხადებაში მინიშნებულია, რომ ბიზნესმენს "ობიექტური საერთაშორისო სასამართლოს" იმედი აქვს. თუმცა, არაა დაკონკრეტებული, რომელი ქვეყნის სასამართლოს მიმართავს იგი. საქმე იმაშია, რომ  ჩხარტიშვილი ბოლო ორი წელია ლონდონში ცხოვრობს. მისი პრესმდივნის განცხადებით ბიზნესმენი ლონდონში "იძულებით ემიგრაციაში იმყოფება".

პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩხარტიშვილმა ლონდონში პირველი ქართული საერთაშორისო მაუწყებელი  - მზერა -დააფუძნა. ახალი მაუწყებლის სახელწოდება ბიზნესმენს "შემთხვევით" არ შეურჩევია. "მზერა ერქვა ტელეკომპანია "მზის" საინფორმაციო გამოშვებას. ეს ტელეკომპანია კი, სხვა არაერთი მედია - საშუალების მსგავსად, დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით იყო მეპატრონეებისთვის წართმეული," - ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.

გიორგაძის თქმით, პირველ ეტაპზე ახალი მედიასაშუალება ინტერნეტ მაუწყებლობას განახორციელებს.  ნეტგაზეთთან საუბარში მან განაცხადა, რომ შესაძლოა მზერას პროდუქცია ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხმა გამოიყენოს.

 

 

კომენტარები