მასმედია

საერთაშორისო გამჭვირვალობა ქართული ტელესივრცის შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ქართული ტელემაუწყებლობის შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ქართულ ტელესივრცეში ისევ პოლიტიკური თემები დომინირებენ და როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია ცდილობენ ტელეარხებზე გავლენა მოახდინონ.

მოხსენების მიხედვით, ტელემაყურებლების დიდი ნაწილი ტელეარხებს მთავრობის ან ოპოზიციის მომხრედ მიიჩნევს. ტელეკომპანიები, რომელთაც ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვევები აქვთ, პოლიტიკურად დამოუკიდებელ ინსტიტუტად არ აღიქმებიან.

„იმედი“ და „რუსთავი 2“ ყველაზე პოპულარულ არხებად რჩებიან საინფორმაციო გამოშვებებისა და მოვლენების გაშუქების მხრივ. საზოგადოებრივი მაუწყებლის, „კავკასიისა“ და „მაესტროს“ მაყურებელთა რაოდენობა კი 2011 წელთან შედარებით არ გაზრდილა.

კვლევა Must Carry/Must Offer რეგულაციას დადებითად აფასებს. მოხსენებაში აგრეთვე მითითებულია, რომ ტელეკომპანიების ფინანსური მდგომარეობა უფრო გამჭვირვალე გახდა. 

კვლევა რეკომენდაციებსაც შეიცავს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ მთავრობამ და ახალმა პარლამენტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავება პრიორიტეტად უნდა აქციონ და გამოაქვეყნონ სამოქმედო გეგმა. ორგანიზაცია აგრეთვე მნიშვნელოვად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროკურატურამ და სასამართლომ უზრუნველყონ მედიასაშუალებებთან დაკავშირებული გამოძიების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა, ხოლო ჟურნალისტებსა და მედიაში დასაქმებულ ადამიანებზე თავდასხმა თუ მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული.

მოხსენება რეკომენდაციას აძლევს ტელეკომპანიებს თავიანთი ფინანსური მონაცემები საკუთარ ვებ გვერდებზე განათავსონ, ხოლო ფინანსური სახსრების ქონის შემთხვევაში, ფინანსური აუდიტისთვის მოიწვიონ დამოუკიდებელი აუდიტორი. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განკუთვნილი რეკომენდაცია კი მას ურჩევს გაამყაროს საკუთარი იმიჯი და გაატაროს ღონისძიებები, რომ აღქმულ იქნეს, როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი საინფორმაციო ორგანიზაცია.

კვლევა ქართული ტელემაუწყებლობის სფეროს პრობლემურ საკითხებზეც საუბრობს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაძარცვეს სტუდია „მონიტორის“ ოფისი, დაყადაღდა „მაესტროსა“ და Global TV-ს სატელიტური ანტენები ამომრჩეველთა მოსყიდვის მოტივით, Global TV და TV9 აცხადებდნენ, რომ მათ მიერ იმპორტირებული ტექნიკური აღჭურვილობა საბაჟოზე ყოფნისას დაზიანდა, მე-9 არხის რეპორტიორები ანტიოპოზიციონერმა აქტივისტებმა შეავიწროვეს, თავად ამ ჟურნალისტების მტკიცებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულმა პირებმა მათი შანტაჟი სცადეს.

კომენტარები