საკვირაო ქადაგება

ილია II: ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი მწყემსი ჩვენი

დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ”განგებამ მოიტანა ეს ცვლილება და ჩვენ ამას დიდი სიბრძნით უნდა შევხვდეთ”. 
პატრიარქმა ბრძანა, რომ ქვეყნის ისტორიაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეყანა თითქოს უფსკრულს უახლოვდებოდა, თუმცა ”ღვთის განგება ძლიერია და ისტორიის მანძილზე უფალს საქართველო ბევრჯერ გადაურჩენია”. 
”როდესაც ამბობენ – ეს არის პოზიცია, ეს – ოპოზიცია, ჩემი აზრით ოპოზიცია არავინ არის, ყველასთვის სამშობლო უდიდესი საუნჯეა, იმიტომ, რომ სამშობლოს გარეშე არსებობა შეუძლებელია. ადამიანი თავის ფესვებს არ უნდა მოწყდეს” - ბრძანა პატრიარქმა.
ილია II საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა -”როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში, როდესაც ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია. ვფიქრობ, ყველას გვტკივა გული სამშობლოსთვის, ყველა ვლოცულობთ იმისთვის, რომ საქართველო ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო, ხოლო უფალი მწყემსი ჩვენი”. 
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ”წარსული და მომავალი ხელისუფლება, ასევე ქართველი ხალხი და საქართველოს მთელი მოსახლეობა” დალოცა. 

კომენტარები