არჩევნები 2012

ელჩები საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აშშ-ს, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები გამოეხმაურნენ.

საქართველშო დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯუდიტ გოფმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამკვირვებლის სტატუსით უკვე 6 საარჩევნო უბანს ესტუმრა. „საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია", - აღნიშნა ჯუდიტ გოფმა.

 აშშ-სა და ნიდერლანდების ელჩებმა ყურადღება საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობაზე გაამახვილეს. როგორც პიტერ ლანგერბერგმა განაცხადა, უკვე სამი წელია, საქართველოში ნიდერლანდების ელჩია და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც აკვირდებოდა. მისი განმარტებით, წინა არჩევნებთან შედარებით, წელს საარჩევნო გარემო კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს რეალურ კონკურენციას.

ამ შეფასებას იზიარებს აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდიც. „არჩევნების დროს ადგილი აქვს ნამდვილ კონკურენციას. განცხადებებისა და პროგნოზების დიდი რიცხვის მიუხედავად, წინასწარ არავინ იცის, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი არჩევნები. დღევანდელი არჩევნების შედეგი დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე,“ - ნათქვამია ელჩის ოფიციალურ განცხადებაში.

რიჩარდ ნორლანდმა ყველა ლიდერს შეახსენა, რომ მათ არჩევნების შედეგების პატივისცემის პირობა დადეს. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ლიდერები თავიანთ მხარდამჭერებსაც აქტიურად მოუწოდებენ, რომ მათაც პატივი სცენ მოცემულ შედეგებს. „ჩვენ ამას მოველით, ამას მოელის და იმსახურებს ქართველი ხალხი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნორლანდმა საზოგადოებას ყველა შედეგის დათვლისა და ნებისმიერი სირთულის სათანადო შეფასების დროს  სიმშვიდის შენარჩუნების, ნდობისა და მოთმინებისაკენ მოუწოდა.

დიპლომატები საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას განაგრძობენ.

კომენტარები