არჩევნები 2012

ქვეყნის მასშტაბით პარალელური ეგზიტპოლები ტარდება

დღეს, 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი ტელეარხის დაკვეთით, სამი საერთაშორისო კვლევითი კომპანია ეგზიტპოლებს ატარებს. გარდა ამისა, ეგზიტპოლს და ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებს ორგანიზაცია ამომრჩეველთა ლიგაც.
ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. გამოკითხვისას მკვლევარები ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვის მისცა საარჩევნო უბნიდან გამოსულმა ამომრჩეველმა ხმა. ამ ტიპის გამოკითხვები, ძირითადად მედიაკომპანიების დაკვეთით ტარდება და მას იმისთვის იყენებენ, რომ დააკმაყოფილონ მოსახლეობის ინტერესი არჩევნების შედეგების მიმართ, მანამ, სანამ ოფიციალური შედეგები გამოცხადდება. როგორც წესი, საარჩევნო უბნების დახურვამდე მედია თავს იკავებს ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისაგან. 
საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ეგზიტპოლს გერმანული კვლევითი კომპანია GFK განახორციელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით,  ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 200 საარჩევნო, 20-25 ათას ადამიანი გამოიკითხება. კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეა მითითებული, კომპანია GfK-ისთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 230 000 აშშ დოლარია.       
GFK 1934 წელს გერმანიაში დაარსდა, თუმცა, დღეს, კომპანიას ფილიალები და განყოფილებები 100-მდე ქვეყანაში აქვს გახსნილი. GFK აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან. კერძოდ, BBC ბრიტანეთში, ZDF და ARD გერმანიაში, ავსტრიის, უნგრეთის და შვეიცარიის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან. კომპანიის კლიენტებს შორის არიან: Agfa, Kodak, Sony, Panasonic, Toshiba, Pioneer, TDK და სხვა. 
ტელეკომპანიები რუსთავი 2 და იმედი
ტელეკომპანია რუსთავი 2 და იმედი  ამერიკული კვლევითი კომპანიის Edison Research-ის მიერ წარმოებული ეგზიტპოლის შედეგებს გააცნობს მაყურებელს. Edison Research-ის ცნობით, სოციოლოგიური გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 75 საარჩევნო უბანში ჩატარდება. სრული კვლევა მოსალოდნელია რომ მოიცავს დაახლოებით 7,500 ამომრჩეველ, თუმცა, როგორც კომპანიის ვებგვერდი იუწყება, გამოკითხულა რაოდენობა ამომრჩეველთა აქტივობასა და თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული.
Edison Research-ი 1994 წელს დაარსდა, 1996 წლიდან კი იგი აქტიურად აწარმოებს კვლევებს აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებებისთვის. კომპანიის კლიენტებს შორისაა ABC, CBS, CNN, FOX, NBC და Associated Press.   
ტელეკომპანია მაესტრო
30 სექტემბერს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გასული სიუჟეტიდან გაირკვა, რომ არხის დაკვეთით ეგზიტპოლს Oxford University Consulting-ი ჩაატარებს. მანამდე სხვადასხვა ინტერნეტგამოცემა იუწყებოდა, რომ ტელეკომპანია მაესტრომ შესაბამისი ხელშეკრულება ორ კომპანიასთან - "ოქსფორდსა" და "პენინ შონთან" გააფორმა.
მაესტროს სიუჟეტიდან ცნობილი გახდა, რომ Oxford University Consulting-ის მკვლევარები 249 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 20-25 ათასს ამომრჩეველს გამოკითხავენ. 
ამომრჩეველთა ლიგა
ამომრჩეველთა ლიგის თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ 29 სექტემბერს ჩატარებულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ლიგამ ურთიერთთანხმობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაცია Barcelo&Company-ისთან. კომპანიის წარმომადგენელი ბრუს ბარსელო, ასევე იმყოფებოდა პრესბრიფინგზე.  Barcelo&Company-ის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ბრიუს ბარსელო კომუნიკაციების ექსპერტია და კლიენტებს ძირითადად პოლიტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უწევს კონსულტაციას. 
Barcelo&Company-ის კონსულტაციით, ამომრჩეველთა ლიგა ეგზიტპოლს და ხმებს პარალელური დათვლას განახორციელებს. 
"ამომრჩეველთა ლიგის 2400 წარმომადგენელი საქართველოს მასშტაბით 1200 საარჩევნო უბანზე ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს. ამომრჩეველთა ლიგა 400 უბანზე ეგზიტპოლს გამართავს. ეგზიტპოლი ჩატარდება ყველა წესის დაცვით. გამოიკითხება ყოველი მეშვიდე ამომრჩეველი. გამოკითხვა ანონიმურობის სრული დაცვით განხორციელდება", - განაცხადა კოკა გუნცაძემ 29 სექტემბრის ბრიფინგზე.  
20:00 საათზე ორგანიზაცია ეგზიტპოლის შედეგებს გამოაქვეყნებს, ხოლო 23:00 საათიდან ცნობილი გახდება პარალელური დათვლის შედეგებიც.

კომენტარები