არჩევნები 2012

ფანჯიკიძე: „მიდის მასირებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება"

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც საარჩევნო პროცესის დროს შემჩნეულ დარღვებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სხვადასხვა ტიპის დარღვევები იყო ასპინძისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, ასევე, ქალაქ ფოთში: „მიდის მასირებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენს აქტივისტებზე წყალტუბოშიც. პოლიციელები მათ ურეკავენ და სამშაბათს, 2 ოქტომბერს დასაკითხად იბარებენ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ ამომრჩევლებს სიმშვიდისკენ. კოალიცია აკონტროლებს სიტუაციას". 

ფანჯიკიძის თქით, ძალადობა მათ აქტივისტებზე დღეს დილიდან დაიწყო, როდესაც გურჯაანში, სოფელ ახაშენთან ოცნების 2 აქტივისტი ინგა ბერიაშვილი და შოთა ჯოხაძე პატრულის თანამშრომლებმა სცემეს. „ ისინი ამ დროს დამკვირვებლებს ბეჯებს, სპეციალურ დოკუმენტებს ურიგებდნენ. ამ წუთისთვის, ისინი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა ტაბულასთან საუბარში, ცემის ფაქტი დაადასტურა. „ ეს ორი ადამიანი ნამდვილად ნაცემია, მაგრამ ვის მიერ არ ვიცით. პოლიციამ ისინი დაკითხა და მიმდინარეობს გამოძიება".

კომენტარები