არჩევნები 2012

ივანიშვილი: 1 ოქტომბერს ქართული ოცნების გამარჯვება ოფიციალურად გაფორმდება

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

კოალიცია ქართულმა ოცნებამ 29 სექტემბერს დასკვნითი აქცია ერთდროულად თბილისსა და ქუთაისში გამართა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ კოალიციის მხარდამჭერებს ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.

მისი განცხადებით, აქციაზე დამსწრეთა რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ „ხალხმა ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა და 1 ოქტომბერს ამას გავაფორმებთ და კანონიერ ძალას მივცემთ“. თავის სიტყვაში ივანიშვილმა არაერთხელ ახსენა, რომ კოალიცია უკვე გამარჯვებულია და არჩევნების დღეს ამის „გაფორმება“ მოხდება. ივანიშვილმა ასევე ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ხალხის ნების წინააღდეგ გამოსვლა „არავინ გაბედოს“.

ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა „უსუსური ფარული ჩანაწერებით“ გადაფაროს მოსახლეობის აღშფოთება და კოალიციაში განხეთქილება შეიტანოს, წარუმატებელი გამოდგა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საქართველოს მოსახლეობა იმაშიც დაარწმუნოს, რომ კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში კვლავ კრინიმალებისა და ქურდების დრო დაბრუნდება. 

"დარწმუნებული ვარ, ამ სისულელეების არავის აღარ სჯერა და არც თავად ხელისუფლებას. წესრიგი სამართალს და სამართლიანობას მოაქვს. საქართველოში ხალხმა გამოსცადა, რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი და ამას არ დაუშვებს. ეს დრო არასოდეს დაბრუნდება", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კოალიციის ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, გადაწყვეტილება გონების კარნახით მიიღოს, რადგან ჯიბრით მიღებული გადაწყვეტილება კარგ შედეგს არ მოიტანს.

"ჩვენ არჩევნებით უნდა დავამარცხოთ სისტემა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში უბედურება მოიტანა. უნდა შევძლოთ და პირველად ისტორიაში, მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ღირსება. 1 ოქტომბერს ხალხი აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც მის სამსახურში ჩადგება. ალბათ ამ წლების განმავლობაში ამდენი უბედურება უნდა გადაგვეტანა, რომ ამიერიდან, პირველივე დღიდან ხელისუფლებას ანგარიში მოვთხოვოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, კოალიციის ლიდერმა ქართველ პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ვეტერანებს, დევნილებსა და ემიგრანტებს მიმართა. ივანიშვილმა საჯარო მოხელეებსაც მოუწოდა, ემსახურონ ხალხს და არა რომელიმე ხელისუფლებას.

"არ აიღოთ ხელი თქვენი დებისა და ძმების წინააღმდეგ. ყველამ ვნახეთ, ხელისუფლებას რომ დასჭირდა, ხელი შეაწმინდა შემსრულებლებს. არ დაუშვათ იგივე თქვენთან მიმართებაში. ეს დრო მალე წარსულს ჩაბარდება და თქვენს ერთგულებას აუცილებლად დაგიფასებთ ჩვენი ხალხი", - მიმართა სამართალდამცავებს ივანიშვილმა.

თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდის წევრებს, მხარდამჭერებსა და ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ძალიან ღირსეული გუნდი შეკრიბა, რომელიც ჭეშმარიტად ხალხის სამსახურში ჩადგება.

"საქართველოში ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლების პრეცენდენტი შეიქმნება", - აღნიშნა ივანიშვილმა. კოალიციის ლიდერმა მადლობა მრჩეველთა საბჭოს, ევროპელ და ამერიკელ კონსულტანტებსაც გადაუხადა. მისი განცხადებით, 1 ოქტობერი "ქართული ოცნების ახდენის დღე" გახდება. 

 

კომენტარები