არჩევნები 2012

გიორგი ბარამიძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და ერთიანი!

ამ წუთებში თბილისში, დინამო არენაზე ნაციონალური მოძრაობის შეკრება მიმდინარეობს. მხარდამჭერებს პარლამენტის წევრმა გოკა გაბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ბათუმის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ მიმართეს.

„რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, ქვეყნის ფეხზე დაყენების დრო არასდროს ამოიწურება! მიუხედავად ჩვენს მიმართ წამოსული უამრავი სიბინძურისა, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენ უშუქობა დავძლიეთ, კეთილმოვაწყვეთ საქართველოს გზები და დავამარცხეთ კორუფცია!“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის პროგრამაზე - მეტი სარგებელი ხალხს - ისაუბრა: „აუცილებლად იქნება მშვიდობა და შევქმნით მეტ სამუშაო ადგილს! ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რაც შეიძლება მეტი მოქალაქე დავაზღვიოთ, ყველა დასახლებული პუნქტი უკეთ იყოს წყლით მომარაგებული და გაზიფიცირებული და ჩვენმა მოსახლეობამ მეტი სარგებელი ნახოს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“

„ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და ერთიანი! დღეს ჩვენ ხალხს, ჩვენს არჩევანს უპირისპირდებიან ისინი, რომლებიც ლანძღავენ ერთმანეთს და ბნელი ნათელისგან ვერ გაურჩევიათ. ჩვენ გვიპირისპირდება ხალხი, რომელსაც ვერ გაურკვევია ვინაა უკეთესი - პუტინი თუ სააკაშვილი. მატერიალური ფასეულობების გარშემო შეკრებილი ხალხი მალე დაიშლება, საქართველო კი გაიმარჯვებს“ - განაცხადა ბათუმის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ.

ნაციონალური მოძრაობის შეკრების დასაწყისში გიორგი უშიკიშვილის ანსამბლმა - ლაშარი - რამდენიმე ნომერი შეასრულა.

კომენტარები