აუდიოჩანაწერები

ბესო სურმავას ცოლი: ჩემი მეუღლე გატაცებულია და მასზე ზეწოლა ხორციელდება

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას მეუღლის მაკა ლობჟანიძის განცხადებით, სურმავა გატაცებულია და მასზე ზეწოლა ხორცილდება. ამის შესახებ მაკა ლობჟანიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, Youtube-ზე განთავსებული აუდიოჩანაწერები არ შეიძლება სურმავას ატვირთული იყოს, რადგან მას კომპიუტერთან მხოლოდ ზედაპირული შეხება ჰქონდა.

”ჩემი მეუღლე საუბრის დროს არაადეკვატურია. მას ორჯერ ვესაუბრე და აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაშია. თითქოს ყურმილი ხელიდან უვარდება, ვერ აზროვნებს, ვერ ლაპარაკობს, ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშაა. ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ მას თვალები გაფართოებული აქვს, პირი გამშრალი. წინ რაღაც ედო და იმას კითხულობდა. სამართალდამცველებს მივმართავ, დამიბრუნონ ჩემი მეუღლე.” - აღნიშნა ლობჟანიძემ.

მაკა ლობჟანიძის განცხადებით, ბესო სურმავა უკვე 10 წელია, რაც ბიძინა ივანიშვილის დაცვაში ერთგულად მსახურობს.

შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე ბესო სურმავას სახელით აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც კოალიცია ქართული ოცნების წევრების საუბრებია ასახული. სურმავა ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული.

 

კომენტარები