საქართველო-საფრანგეთი

საფრანგეთი საქართველოს მთავრობის მიერ საიდუმლო მასალის გამოქვეყნების ფაქტს გამოეხმაურა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟანდარმერიის მიწოდებული დოკუმენტაციის გამოქვეყნების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საფრანგეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის მოადგილის ვენსან ფლორეანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრანგული მხარე გაოცებულია საქართველოს მთავრობის მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნებით.

”ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის.” - ნათქვამია ვენსან ფლორეანის განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არ გაუცია.

”წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს.” - აღნიშნავს საგარეო უწყების პრესსპიკერის მოადგილე.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

 

კომენტარები