18 სექტემბერს, პატიმრებზე ძალადობის სცენების გამომზეურებით, საქართველომ ერთი ბრუნი შეასრულა მანკიერ წრეზე; წრეზე, რომელზეც მაშინ დავიწყეთ მოძრაობა, როდესაც „გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს”.
ვინ აღაშფოთა ძალადობამ და ვის უბრალოდ სურს იყოს შემდეგი მოძალადე – ამის ტესტი ძალიან მარტივია. ადამიანები, რომლებიც ითხოვენ ვენდეტას და ცოცხებს ცოცხების წილ, შემდეგი ბრუნისკენ გვექაჩებიან.
„ამათ იგივე უნდა უქნა, ცოლ-შვილის თვალწინ” – ეს ხუთი წუთის შემდეგ შეიძლება იყოს ემოციური გამოძახილი, მაგრამ მეორე დღეს უკვე იდეაა, რომელიც მომხდარის თამაშის წესად მიღებას ნიშნავს. ციხის ძალადობაც ამ იდეამ შვა – წარმოდგენამ, რომ ძალადობის, კრიმინალის ან ქურდული მენტალობის ჩაკვლა ძალადობითვე შეიძლება. ან, რომ ციხეში ძალადობის გაგრძელებით წინა რეჟიმისგან განსხვავებული რეჟიმი შეიძლება აშენო.
ასევე ვერ აბარებენ ჰუმანიზმის ტესტს ისინი, ვისაც 18 სექტემბრის კადრებმა გაახსენა და ათქმევინა „ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი”. დიახ, ასეთებიც მოიძებნენ. ქურდული მენტალობის თუ სამყაროს გულშემატკივარი ძალადობასთან მებრძოლის როლში ისეთივე სასაცილოა, როგორც ჩრდილოკორეელი კიმი დასავლეთის არადემოკრატიულობის კრიტიკისას. მოძალადის ვნება და ფანტაზია ქურდებს ან მათ „პაძელნიკებს” ყველაზე ნაკლებად ესწავლებათ, თუნდაც მე-8 საპყრობილის პერსონალისგან.
მაგრამ იმათაც აქვთ ჩასახედი საკუთარ „შინაგანში”, ვისაც არც ქურდებზე აქვს თბილი მოგონებები და არც „ლინჩი, ლინჩის” ყვირილი დაუწყია. ვინც ჩაიხედავს, ძალიან ბევრი დაინახავს, რომ ცოტათი მაინც ამ ამბების თანამონაწილეა. ბევრმა ჭკვიანმაც, განათლებულმაც, ჯიგარმაც და დარბაისელმაც დაუშვა, რომ იმ „ცუდ როჟებზე”, ჩვენი ახალგაზრდობის ჩამშხამებლებზე, ნაირა დეიდას ჯიხურის ამწიოკებლებზე ძალადობა, პრინციპში, მისაღებია. ვაღიაროთ, რომ ეს იყო წინა წლების უთქმელი ჭეშმარიტება; რომ კადრები იყო დამთრგუნველი, მაგრამ არა წარმოუდგენელი. ყველა თუ არა, ბევრი ხვდებოდა, რომ რაღაც მსგავსი ხდებოდა და ამის გამომზეურების სურვილით თავსაც არ იკლავდა.
სამწუხაროა, თუ კადრები აღმოჩნდა ამ ყველაფრის გააზრებისთვის აუცილებელი, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო იქნება, თუ არ აღმოჩნდება საკმარისი. დგება გაცილებით უფრო ღრმა არჩევანის მომენტი, ვიდრე ნებისმიერი საკადრო საკითხია. ან ვირჩევთ „ბოზებსა” და „ქურდებს” შორის, და მივდივართ შემდეგ ბრუნზე, ან უარვყოფთ ძალადობას, როგორც იდეა(ლ)ს. მხოლოდ მეორე შემთხვევაში შეიძლება გაირღვეს წრე და „დაიდგას ახალი სპექტაკლი”.