სასჯელაღსრულების სამინისტრო

ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ხათუნა კალმახელიძის განცხადებაშია აღნიშნული.

"ჩემთვის უაღრესად შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩემი მინისტრობის პერიოდში მე მაქსიმალურად შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და რომ სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, იმიტომ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.

ადამიანურად მე ძალიან ვწუხვარ და მე მინდა ავიღო ადამიანური და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

პატიმრების უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოში, ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მე შევეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, შევეცადე შევსულიყავი პატიმრების მდგომარეობაში, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამინისტროში.“ – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

ხათუნა კალმახელიძე იმედს გამოთქვამს, რომ ყველა დამნაშავე პირი სრული სიმკაცრით დაისჯება.

 

კომენტარები