ავღანეთი

ნატომ ავღანელ სამხედროებთან საბრძოლო ოპერაციები შეამცირა

ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედმა საერთაშორიო კოალიციამ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებთან საერთო საომარი მოქმედებები შეამცირა. BBC-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ადგილობრივი ძალების მიერ უკანასკნელ ხანებში დასავლელ მოკავშირეებზე განხორცილებული თავდასხმების სერია გახდა.

ავღანეთის და ალიანსის წარმომადგენლები ამიერიდან მხოლოდ მსხვილ ოპერაციებში მიიღებენ ერთად მონაწილეობას. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნატოს მიერ სტრატეგიის შეცვლის შესახებ მათ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

18 სექტემბერს ქაბულის გარეუბანში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. თვითმკვლელი პირის მიერ ტურისტულ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხიმგებლობა ერთ-ერთმა ავღანურმა დაჯგუფებამ აიღო, რომლის წევრების განცხადებითაც თავდასხმა აშშ-ში გადაღებულ ანტიისლამური ფილმზე საპასუხოდ განხორციელდა.

გასულ კვირას პროვინცია ზაბულში ნატოს მისიის ოთხი სამხედრო პირი ავღანელი სამართალდამცავების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. გარდა ამისა, მოძრაობა თალიბანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ნატოს ბრიტანულ ბაზაზე, სადაც პრინცი ჰარი მსახურობს, სულ მცირე ორი ამერიკელი ფლოტის მოსამსახურე ემსხვერპლა.

2012 წლის განმავლობაში ავღანელი სამართალდამცავების თავდასხმების შედეგად ნატოს 51 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთა უმრავლესობაც ამერიკის მოქალაქეა.

 

კომენტარები