ნავთობი

ნავთობი, OPEC-ი და ტრანსპორტი: სად გადის ზღვარი ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ბაზრის ჩაკეტვას შორის

ნავთობის ფასები ყველას ადარდებს. ეს ბუნებრივია, რადგან ნავთობი სხვა პროდუქტებზე ფასის შედგენაში დიდ როლს თამაშობს. ამიტომ მის გაძვირებასა და გაიაფებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როცა ნავთობი ძვირია, იმპორტიორ ქვეყნებზე წნეხი მაღალია და ისინი მუდმივად ცდილობენ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, იმპორტი ადგილობრივი მარაგებით ჩაანაცვლონ. თუმცა როცა ეს რომელიმე სახელმწიფოს თვითმიზანი ხდება, ამას ქვეყანა მეტი რეგულირებისკენ და ბაზრის ჩაკეტვისკენ მიჰყავს. ეს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, პროდუქციის გაიაფების ნაცვლად, მის დეფიციტს იწვევს.

მსოფლიოს სატრანსპორტო სექტორის 90% ნავთობზეა დამოკიდებული. რეზერვების 80%-ს კი შუა აღმოსავლეთის რვა და ოთხი სხვა ქვეყანა, იგივე OPEC-ი აკონტროლებს. ამასთან, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ ნედლეულის წარმოება შედარებით ადვილი და იაფია. ამიტომ ნავთობის გლობალურ ბაზარზე ყოველთვის იქნებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც, მაგალითად, OPEC-ის არაწევრი კანადის ნაცვლად, უფრო დიდი სიამოვნებით ნავთობს საუდის არაბეთისგან – OPEC-ის წევრი ქვეყნისგან შეიძენენ. აქედან გამომდინარე, OPEC-ს ბაზარზე ნავთობის ფასით მანიპულირება უადვილდება.

მონოპოლიებით, კარტელებით და მსგავსი ტერმინებით თუ არ გავერთობით, მომხმარებლის ჩუსტებს კარებთან დავტოვებთ და ამ ყველაფერს ბიზნესის კუთხით შევხედავთ, აუცილებლად მივალთ დასკვნამდე, რომ სინამდვილეში, OPEC-იც ლოგიკურ სტრატეგიას მიმართავს: ფასის გასაზრდელად და მეტი მოგების მისაღებად, ის ბაზარს საკმარისი რაოდენობის ნავთობს არ აწვდის. სხვადასხვა გათვლებით, OPEC-ი ყოველდღიურად 31 მილიარდ ბარელ ნავთობს ყიდის – თითქმის იმდენივეს, რამდენსაც 40 წლის წინათ ყიდდა, ანუ მაშინ, როცა ნავთობზე მოთხოვნაც და მსოფლიო ეკონომიკაც იმის ნახევარი იყო, რაც დღეს არის.

ამით OPEC-ი დიდ მოგებას ნახულობს: მხოლოდ ამერიკის ბაზარზე ეს ორგანიზაცია ყოველ ამერიკულ ოჯახს ყოველწლიურად 4 ათასი დოლარის ოდენობის ირიბ გადასახადს აკისრებს. ამდენად, პრობლემა ამ შემთხვევაში OPEC-ის მხრიდან ნავთობის ფასის კონტროლია და არა თავისთავად ვაჭრობის ფაქტი.

როგორ შეიძლება შესუსტდეს OPEC-ის გავლენა?

პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რა არის ამ გავლენის წყარო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს უდავოდ ტრანსპორტის სექტორია. სხვადასხვა გათვლები აჩვენებს, რომ მხოლოდ ამერიკაში მოხმარებული ნავთობის 2/3, 250 მილიონი მანქანის, მსუბუქი სატვირთოს და 8 მილიონი მძიმე სამშენებლო მასალების გადამზიდავი ავტომობილის გადაადგილებას ხმარდება.

შემდეგ უნდა დაითვალოს, რომელ ალტერნატივას შეიძლება ჰქონდეს რეალური შანსი, კონკურენცია გაუწიოს ნავთობს ტრანსპორტის სექტორში. ბუნ პიკენსი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უკვე წლებია სწავლობს. ის ამბობს, რომ თუ ამერიკაში საწვავის ბიზნესი უფრო ლიბერალიზებული იქნება და აშშ ღია საწვავის სტანდარტს მიჰყვება, მაშინ ტრანსპორტის მეპატრონეებს გაუჩნდებათ რეალური შანსი, თავიანთი ავტომანქანები, ბენზინის გარდა, სხვა ტიპის საწვავითაც, მაგალითად, კომპრესირებული ან თხევადი ბუნებრივი გაზით, ან ბიოსაწვავით თუ ელექტროენერგიით შეავსონ. პიკენსის აზრით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გაზია: კონკურენციის პირობებში, დამატებით 400 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და OPEC-ზე დამოკიდებულობა 70%-ით შემცირდება.

იმპორტზე დამოკიდებულობის შემცირება ლეგიტიმური ძალისხმევაა. თუმცა შეცდომა იქნება, თუ შიდა მოთხოვნის ადგილობრივი მარაგებით სრულად დაკმაყოფილებას ენერგეტიკულ დამოუკიდებლობად მოვნათლავთ. პრობლემა ფასის კონტროლია და არა თვითონ ვაჭრობის ფაქტი.

ასეთი მიდგომა ამახინჯებს სიტყვა „დამოუკიდებლობის” მნიშვნელობას – დამოუკიდებელი ნიშნავს უცხო კონტროლისგან თავისუფლებას და არა ავტოკრატიას, სადაც უცხოს ადგილი არ არის.

 

 

კომენტარები