ნავთობი

2020 წელს SAUDI ARAMCO-ს მოგება 44%-ით, $39 მილიარდით შემცირდა 

ფოტო: thenationpress.net

2020 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიის, Saudi Aramco-ს მოგება 44%-ით შემცირდა. უმთავრეს მიზეზად მსოფლიოს მასშტაბით პანდემიის გამო ნავთობზე შემცირებული მოთხოვნა სახელდება. 

Saudi Aramco მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის მხოლოდ Apple-ს ჩამოუვარდება. 

2020 წელს კომპანიის მოგებამ 49 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის 39 მილიარდით ჩამოუვარდება.  

Aramco-ს აღმასრულებელი დირექტორის, ამინ ნასერის თქმით, 2020 წელი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო. 

მიუხედავად ცუდი შედეგებისა, კომპანია წლიური დივიდენდების სახით 75 მილიარდი დოლარის გაცემას აპირებს.  გავრცელებული ინფორმაციით, Aramco-ს 98%-იან წილს საუდის არაბეთის მთავრობა და მასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ. 

გასული წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სხვა ნავთობკომპანიებისთვისაც, კერძოდ, ამერიკულმა Exxon Mobil-მა კომპანიის ისტორიაში ყველაზე ცუდი წლიური შედეგები აჩვენა. 
 

კომენტარები