არჩევნები 2012

ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის, ლიტვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები 17 სექტემბერს საღამოს სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შევედრაში მონაწილეობა ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მიიღეს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი თარგამაძემ განუცხადა, რომ მინისტრებს აინტერესებდათ,“რა მოჰყვება იმას, თუ არჩევნების შედეგებით ხალხი უკმაყოფილო დარჩება“. "ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია", - აღნიშნა თარგამაძემ და დასძინა, რომ მათთვის მთავარია საქმე პრობლემებამდე არ მივიდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ შეიქმნას თანასწორი გარემო არჩევნებისთვის.

"როდესაც ორი კვირით ადრე ხუთი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და გეკითხება – რას შვრებით ბიჭებო, როგორ ემზადებით არჩევნებისთვის, ნიშნავს იმას, რომ მათ აინტერესებთ და გული შესტკივათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მინისტრებს აინტერესებდათ, რამდენად კონკურენტუნარიანია საარჩევნო გარემო , - ამის შესახებ ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სტუმრებს ასევე აინტერესებდათ, ცნობს თუ არა მისი პარტია არჩევნების შედეგებს, თუკი მას ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ. "ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ ხალხის ნება ჩვენთვის არის უზენაესი", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

 

კომენტარები