თსუ

აქციის მონაწილეები ანდრო ბარნოვს შეხვდნენ

სტუდენტური გაერთიანება ლაბორატორია 1918-ის ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მეექვსე კორპუსისკენ გადაინაცვლეს, სადაც ისინი სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ანდრო ბარნოვს შეხვდნენ. სტუდენტები დეკანს საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. ბარნოვმა სტუდენტებს მოუწოდა, შენობაში შესულიყვნენ და დიალოგი დაეწყოთ, თუმცა აქციის მონაწილეებმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღეს.

სტუდენტები სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ანდრო ბარნოვის დანიშვნასა და პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლებას აპროტესტებენ.

უნივერსიტეტთან შექმნილი ვითარების შესახებ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“არანაირი პოლიტიკური ზეწოლა უნივერსიტეტში არ არსებობს, რაც შეეხება ბაზების პრობლემას, ჩემი მოსვლის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. მე ყველანაირად შევეცდები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დავამტკიცო, რომ აქ მხოლოდ სამუშაოდ მოვედი”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პრობლემებიდან სიმართლეს მხოლოდ ბაზებთან დავშირებული პრობლემა შეესაბამება. რექტორის თქმით, პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით არავის გაუთავისუფლებია. კვიტაშვილის განცხადებით, იმ ლექტორებმა, რომლებმაც უნივერსიტეტი ცოტა ხნის წინ დატოვეს, გარკვეული საკონკურსო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის მეექვსე კორპუსიდან მესამე კორპუსისკენ გადაინაცვლეს, სადაც ისინი გამოსვლას განაგრძნობენ. სტუდენტებმა აქციაში ჩართვა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც მოუწოდეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

 

კომენტარები