თავდასხმა

აშშ არ გამორიცხავს, რომ ლიბიაში საკონსულოზე თავდასხმა წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი

აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგად ამერიკელი ელჩი დაიღუპა, შესაძლოა, წინასწარ იყო დაგეგმილი. აშშ-ის მთავრობის ცნობით, თავდახმის ორგანიზებაში შესაძლოა ისლამისტური რადიკალური მოძრაობები მონაწილეობდნენ.

თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ ბენღაზიში მომხდარი ფაქტი ინტერნეტში გავრცებულმა ანტიისლამისტურმა ფილმმა გამოიწვია. ლიბიის გარდა აშშ–ის საელჩოზე იერიში მიიტანეს ეგვიპტეში, კაიროშიც, სადაც აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მომხდარის შემდეგ სხვა დიპლომატების დასაცავად ლიბიაში 50–კაციანი სპეციალური სამხედრო დანაყოფი შეიყვანა, გარდა ამისა, ლიბიის სანაპიროებთან განთავსდა ორი სამხედრო ხომალდი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბენღაზიში მომხდარ ინციდენტს შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნული ფაქტი მკაცრად დაგმო. მისი თქმით, თავდასხმაზე პასუხიმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

11 სექტემბერს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმისას შეერთებული შტატების საელჩოს ოთხი თანამშრომელი, მათ შორის, ლიბიაში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და საგარეო უწყების ოფიცერი შონ სმიტი დაიღუპნენ.

 

კომენტარები